პოდოლიაკი კობახიძეს პასუხობს

მიხაილო პოდოლიაკი, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას უპასუხა და თქვა, რომ ქართული მხარე უნდა ეცადოს „ომზე კომენტარი“ არ გააკეთოს. 10 თებერვალს, “ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში მან ასევე ისაუბრა, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხზე.

“საქართველომ უნდა დაიკავოს ნეიტრალური პოზიცია და შეეცადოს ომზე კომენტარი არ გააკეთოს, ეს საქართველოსთვის სტრატეგიული თვალსაზრისით ძალიან მომგებიანი იქნებოდა. და მეორე, რა თქმა უნდა, არ უნდა აჩვენო ასეთი დონის უცოდინრობა და თქვა, რომ რუსეთი იგებს ამ ომს. სამდღიან ომში რუსეთი, რა თქმა უნდა, „იმარჯვებს“, რა თქმა უნდა. სასურველი იქნებოდა, ბატონი კობახიძე თუ შეისწავლიდა, როგორ წაუვიდა საქმე პუტინს და მის გეგმას, რომ უკრაინას სამ დღეში დააჩოქებდა. ჩვენ ერთი წელია ომში ვართ და რუსეთს არ აქვს რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება. რუსეთი გაჭიანურებულად იბრძვის მოკლე მანძილებზე და ვერ ახერხებს ნახევარ კილომეტრზე ან კილომეტრზე მეტ წინსვლას. კითხვა იმაშია, რამდენად სწრაფად გაიქცევა რუსეთი უკრაინის ტერიტორიიდან. ვფიქრობ, უახლოეს მომავალში შევძლებთ ამაზე კონკრეტული მაგალითებით ვიმსჯელოთ”, - განაცხადა პოდოლიაკმა „ამერიკის ხმასთან“ საუბარში.

მან აღნიშნა, რომ უკრაინული მხარე ვერ ხედავს ქართულ მხარესთან საუბრის აზრს.

ასევე ნახეთ: სააკაშვილის პოლონეთში მკურნალობა შესაძლებელია - პოლონეთის პრემიერი

„აზრი არ აქვს რაიმეზე საუბარს, გარდა გასაგებია, დიპლომატიური დონისა, მთავრობასთან, რომელსაც აქვს 2008 წლის მტკივნეული ტრავმა გამოვლილი, და მიუხედავად ამისა, მისი მიდგომაა, რომ „ჩვენ გვესმის რუსეთის და მას აქვს უფლება მოკლას ადამიანები უკრაინაში“, - განაცხადა მან.

კობახიძემ თქვა, რომ ბოლო ორი კვირის მოცემულობით, ფრონტზე უპირატესობა რუსეთს აქვს, რადგან უკრაინას ამ დროის განმავლობაში არცერთი დასახლებული პუნქტი "არ აუღია".

"ბოლო 1-2 კვირა რომ ავიღოთ, არცერთი დასახლებული პუნქტი არ აუღია უკრაინულ მხარეს და მინიმუმ ბოლო 1 კვირაში, ათამდე დასახლებული პუნქტი აიღო რუსულმა მხარემ. ეს აჩვენებს რომ უპირატესობა ამ ეტაპზე, აქვს რუსულ მხარეს. საერთო ჯამში, ომის დაწყებამდე რუსეთს ოკუპირებული ჰქონდა ყირიმი და დონბასის ნაწილი. დღეს რუსეთს ოკუპირებული აქვს ხერსონის 80%, ასევე ხარკოვის ოლქის ნაწილი და ზაპოროჟიეს ოლქის 80%" - განაცხადა კობახიძემ

„ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ უკრაინული მხარე საჯაროდ და არასაჯაროდ მოითხოვს, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას. მან „ქართულ ოცნებას“ მოუწოდა იმოქმედოს „ჰუმანიტარული პრინციპებით“.

ასევე ნახეთ: ვაშინგტონში კობახიძის განცხადებებს „სამარცხვინოს“  და „დაუსაბუთებელს“ უწოდებენ

„ჩვენ სხვადასხვა დონეზე, როგორც საჯაროდ, ისე არა საჯაროდ, დიპლომატიური არხებით და პრეზიდენტის პირით, არაერთხელ ვთქვით, რომ აუცილებელია სააკაშვილის ბედი გადაწყდეს და ის უკრაინაში ან სხვა ქვეყანაში გადაიყვანონ სამკურნალოდ. საქართველო ჯერ კიდევ ევროპისკენ არის ორიენტირებული. საქართველომ არაერთხელ განაცხადა, რომ ეს მისი ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული მიზანი ერთიან ევროპულ სივრცეში გაწევრიანებაა. ევროპა ასევე ეფუძნება ჰუმანისტურ პრინციპებს. და კარგი იქნებოდა, თუ საქართველო ჰუმანიტარული პრინციპებიდან გამოვიდოდა და სააკაშვილს, რომელიც ციხის პირობებში მძიმე მდგომარეობაშია, გადმოგვცემდა ჩვენ ან რომელიმე სხვა ქვეყანას. ჩვენ ამაზე ოფიციალურად და დიპლომატიური არხებით ვსაუბრობთ. და იმედი მაქვს, ადრე თუ გვიან გადავიყვანთ სააკაშვილს სამკურნალოდ“, - თქვა პოდოლიაკმა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მიხეილ სააკაშვილზე განცხადება კიევში პრესკონფერენციაზე ერთი კვირის წინ გააკეთა. ზელენსკიმ თქვა, რომ საქართველოს მთავრობა სააკაშვილს „ნელა კლავს“. აღნიშულს ქართული მხარე უარყოფს და აცხადებს, რომ ყოფილი პრეზიდენტი საჭირო სამედიცინო დახმარებას იღებს.