“ჟურნალისტიკა - უმთავრესი ვაქცინა დეზინფორმაციის წინააღმდეგ, მთელს მსოფლიოშიო შეფასებული 180-მდე ქვეყნის და ტერიტორიის 73 %-ში დაბლოკილია ან ძალზედ თუ ნაწილობრივ შეზღუდულად მუშაობს“, - ასე აფასებს მსოფლიოში მედიის მდგომარეობას საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“.
ორგანიზაციამ 2021 წელს მსოფლიოში პრესის თავისუფლების ინდექსი გამოაქვეყნა. მედიის თავისუფლების კუთხით ლიდერთა შორის არიან ნორვეგია, ფინეთი, შვედეთი, დანია, კოსტა რიკა, ნიდერლანდები, იამაიკა, ახალი ზელანდია, პორტუგალია და შვეიცარია. ამერიკის შეერთებული შტატები 23.93 ქულით 44-ე ადგილზეა.
რაც უფრო მცირეა ქულა 0-დან 100-მდე, მით უფრო უკეთესია ქვეყანაში მედიის თავისუფლების კუთხით არსებული მდგომარეობა. საქართველოს 180 შეფასებული ქვეყნიდან 28.64 ქულა აქვს და რეიტინგში მე-60 ადგილს იკავებს. „ქართული მედია პლურალისტურია, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის დამოუკიდებელი“, - აცხადებს ორგანიზაცია.
ორგანიზაციის შეფასებით, ქვეყანაში მედია კვლავ ძლიერ პოლარიზებულია. ანგარიში ამბობს, რომ ბოლო წლებში განხორციელებულმა რეფორმებმა ხელი შეუწყო გარკვეულ წინსვლას მედია მფლობელების გამჭვირვალობისა და პლურალიზმის კუთხით, მაგრამ მფლობელები და მმართველები კვლავ ხშირად ახდენენ გავლენას სარედაქციო შინაარსზე.
„ეს ვნახეთ ოპოზიციური არხის, „რუსთავი 2“-ის შემთხვევაში, რომელიც პრო-სამთავრობო არხი გახდა მას შემდეგ, რაც ყოფილი მფლობელის მმართველობის ქვეშ დაბრუნდა. იგივე დავინახეთ „აჭარის ტელევიზიის“ შემთხვევაშიც, რომელმაც მმართველი პარტიის მხარდაჭერა დაიწყო მას შემდეგ, რაც ახალი მმართველები დაინიშნენ და ჟურნალისტები გაათავისუფლეს. ვლინდება შემაშფოთებელი ტენდენცია იმისა, რომ მედია საშუალებების საქმიანობაში ერეოდნენ უსაფრთხოების სამსახურები და მედიის მარეგულირებელი უწყება - მარეგულირებელი კომისია. ამ უკანასკნელის უფლებამოსილება თანდათანობით გაფართოვდა მიყურადებასა და ცენზურამდე. მისი ონლაინ პლატფორმა, „მედია კრიტიკა“ კი ამოწმებს მედიის შინაარსს და იხრება იქითკენ, რომ დამოუკიდებელი ჟურნალისტური საქმიანობის დისკრედიტება მოახდინოს. მართალია პოლიციის ძალადობა ჟურნალისტების მიმართ ნაკლებად ხშირია, მაგრამ პოლიცია ზოგჯერ თავს ესხმის ჟურნალისტებს, განსაკუთრებით არჩევნების დროს, და ეს სრული დაუსჯელობით ხდება", - ასეა შეფასებული ქვეყნის მედია მდგომარეობა ორგანიზაციის მიერ.
„პრესის თავისუფლების ინდექსში“ ასახულია ხალხის მიერ ინფორმაციაზე წვდომის შემცირება და გაზრდილი წინააღმდეგობები ახალი ამბების გამშუქებელთათვის. კორონავირუსის პანდემია კი ორგანიზაციის შეფასებით, ხშირად გამოიყენებოდა იმისთვის, რომ ჟურნალისტებისთვის ინფორმაციაზე წვდომა დაებლოკათ.
მედია თავისუფლებების კუთხით ვითარება რეგიონში არც ისე ხელსაყრელია. უპრეცედენტო შეზღუდვები და თავდასხმები ბელარუსი ჟურნალისტების წინააღმდეგ, ასევე მთიან ყარაბაღში მიმდინარე ომის გაშუქების სირთულეები იმ მიზეზებს შორისაა, რომელთა გამოც რეგიონის ქვეყნები პრესის თავისუფლების ინდექსში ცუდ შედეგებს აჩვენებენ. ორგანიზაცია აცხადებს, რომ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში მოქმედებდა "გადამდები" სურვილი, გაკონტროლებულიყო გავრცელებული ინფორმაცია.
ასევე ნახეთ: მედია, როგორც უცხო ქვეყნის აგენტი რუსეთშითუმცა ორგანიზაციის თქმით, ყველაზე შემაშფოთებელი რეგიონში მაინც რუსეთის „ევოლუციაა“, რომელიც დამოუკიდებელი ჟურნალისტებისა და მედიის წინააღმდეგ მზარდ რეპრესიებს იყენებს. უკანასკნელ პერიოდში გახშირად, რუსეთში პოლიციის მიერ ჟურნალისტების მასშტაბური და სისტემური შევიწროება. ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს ალექსეი ნავალნის პატიმრობასთან დაკავშირებული პროტესტის გაშუქება შეზღუდოს.
ანალიტიკოსები, ასევე საუბრობენ რუსული მედიის მცდელობაზე, გაშუქებულიყო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული რეალური მდგომარეობა. რუსეთი ორგანიზაციის წლევანდელ რეიტინგში 180 ქვეყანას შორის 150-ე ადგილზეა.
"რუსული მოდელის მსგავსად, სხვა მთავრობებიც იყენებდნენ კოვიდ-19-თან დაკავშირებულ დეზინფორმაციასთან ბრძოლის საბაბს, პრესის თავისუფლებისთვის დამატებითი ბარიერების შესაქმნელად", - აცხადებენ ორგანიზაციაში "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე".
საქართველოს მეზობელ სომხეთს რეიტინგში 63 ქულა აქვს და მისი რეიტინგი 2 ქულით გაუარესდა წინა წელთან შედარებით. აზერბაიჯანმა კი პოზიციები ერთი ნიშნულით გააუმჯობესა, მაგრამ ის 180 ქვეყანას შორის 167-ე ადგილს იკავებს.
ორგანიზაციის განმარტებით, შეფასებული 180 ქვეყნიდან, მხოლოდ 12-შია ჟურნალისტებისთვის ხელსაყრელი სამუშაო გარემო.