პიტსბურგის სინაგოგაში სროლის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა

პენსილვანიის შტატის ქალაქ პიტსბურგში სინაგოგაზე მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულია, სულ ცოტა, 10 ადამიანი და დაშავებულია 6.

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, სავარაუდოდ, მე-11-ე დაღუპულზე, თუმცა ოფიციალურ უწყებებს ეს ინფორმაცია დღემდე არ დაუდასტურებია.

თავდასხმა შაბათ დილით, პიტსბურგში მდებარე ერთ-ერთ სინაგოგაზე მაშინ მოხდა, როცა ლოცვის დასრულების შემდეგ ადამიანები შენობიდან გამოდიოდნენ.

თავდამსხმელი რამდენიმე საათის განმავლობაში მლოცველებს დამიზნებით ესროდა და ანტისემიტურ ფრაზებს ყვიროდა. "ყველა ებრაელი უნდა მოკვდეს"- იყო ერთ-ერთი ასეთი შეძახილი. ინფორმაციას ამის შესახებ მედიასთან ადგილობრივები აკეთებენ, რომლებიც პოლიციის ინსტრუქციით, რამდენიმე საათის განმავლობაში საცხოვრებელ სახლებს არ ტოვებდნენ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი დაკავებულია და ის 46 წლის რობერ ბოვერია. სპეცოპერაცია რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

პენსილვანიაში მომხდარი თავდასხმის შემდეგ, სინაგოგებთან კონტროლი გამკაცრდა ნიუ-იორკში, ლოს-ანჯელესსა და ვაშინგტონში.

მომხდარს გამოეხმაურა ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. მისი თქმით, "ეს არის საზარელი თავდასხმა ამერიკელ ებრაელებზე." მოგვიანებით მედიასთან კომენტარის გაკეთებისას, მან განაცხადა, რომ მასობრივი მკვლელობების შემთხვევების დროს, დამნაშავეები სიკვდილით უნდა დაისაჯონ. "როცა ადამიანები აკეთებენ რაღაც ასეთს, ისინი სიკვდილით უნდა დაისაჯონ," თქვა პრეზიდენტმა ტრამპმა.

მომხდარის შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა ნიუ-იორკის მერმაც. "ნიუ-იორკი მწუხარებას გამოთქვამს პიცბურგში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. ეს საშინელი ფაქტია," წერს ბილ დე ბლასიო "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე.

განცხადება გაავრცელა ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამაც. "თითოეული ჩვენგანი უნდა ებრძოლოს მომატებულ ანტისემიტიზმსა და ზიზღს," წერს ობამა ტვიტერში.

ისრაელში კი რამდენიმე მუნიციპალური შენობა ამერიკის დროშის ფერებში გაანათეს პენსილვანიაში დაღუპულ ადამიანთა ხსოვნისთვის პატივის მისაგებად.

Your browser doesn’t support HTML5

პიცბურგის სინაგოგაზე თავდასხმა მოხდა