ფილიპინელი სამხედროების ცნობით, 9 თებერვალს, სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ამერიკის შეერთებული შტატებისა და ფილიპინების ერთობლივი სამხედრო წვრთნები გაიმართა. გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ წვრთნები თავდაცვის კავშირების გაფართოებას ისახავდა მიზნად.
„ეს ადასტურებს ჩვენს ერთგულებას, ღია ინდო-წყნარი ოკეანის მიმართ და ხელს უწყობს მჭიდრო თანამშრომლობას ჩვენი საზღვაო შესაძლებლობების შემდგომი გაზრდის მიზნით“,- ამბობს ფილიპინების შეიარაღებული ძალების უფროსი რომეო ბრაუნერი.
ასევე ნახეთ: ამერიკის სენატმა უკრაინის დახმარების პაკეტი დაამტკიცა, თუმცა გადაწყვეტილება საბოლოო არ არისჩინეთი, რომელიც სამხრეთ ჩინეთის ზღვას საკუთარი გავლენის ნაწილად მიიჩნევს, პრეტენზიას გამოთქვამს რეგიონში ამერიკის აქტიურობასთან დაკავშირებით. სამხრეთ ჩინეთის ზღვაში 3 ტრილიონ დოლარზე მეტი მოცულობის კომერციული გადაზიდვები ხდება და ის მოიცავს ფილიპინების, ვიეტნამის, ინდოენეზიის, მალაიზიისა და ბრუნეის ეკონომიკურ ზონებსაც.
ეს ბოლო პერიოდში ფილიპინებისა და ამერიკის რიგით მეორე სამხედრო წვრთნებია. წვრთნებს წინ უსწრებდა ფილიპინებისა და ჩინეთის პრეტენზიები სანაპირო საზღვრის დარღვევასთან დაკავშირებით. ფილიპინები ჩინეთს მტრულ ზრახვებში ადანაშაულებს, პეკინი კი ამბობს, რომ ჩინეთი საკუთარ ტერიტორიებს იცავს.