ფაიზერის ვაქცინის გამოცდა 12 წლამდე ბავშვებზე დაიწყო

კომპანია „ფაიზერი“ ამბობს, რომ 12 წლამდე ბავშვებზე კოვიდ19-ის ვაქცინის ტესტირებას დაიწყო. კომპანია აღნიშნავს, რომ საუბარია სულ 4 500 ბავშვზე, რომელთა ასაკი 5-11 წლამდეა.

ცდები ათობით სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ამერიკაში, ფინეთში პოლონეთსა და ესპანეთში ჩატარდება. მწარმოებელი ამბობს, რომ 5-11 წლამდე ასაკის ბავშვები ტესტირების დროს მიიღებენ მოზრდილებში გამოყენებული ვაქცინის დოზის მესამედს. რაც ვაქცინის 10 მიკროგრამს შეადგენს. ბავშვები ვაქცინას ორ ეტაპად მიიღებენ, ტესტირების პროცესში ჩართული ბავშვების ნაწილი პლაცებოს მიიღებს.

უახლოეს პერიოდში კვლევები დაიწყება ახალშობილებზეც 6 თვიდან ზემოთ. კვლევაში ჩართული ბავშვები კოვიდ 19-ის ვაქცინის 3 მიკროგრამ დოზას მიიღებენ.

ასევე ნახეთ: "ფაიზერის" 3-ე დოზა აცრიდან 6-12 თვეში იქნება საჭირო, აცხადებს კომპანია

შეგახსენებთ, რომ ფაიზერის მიერ შექმნილი კოვიდ19-ის საწინააღდეგო ვაქცინა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურია. ის აქტიურად გამოიყენება 2020 წლის ბოლოდან.

„ფაიზერის“ ვაქცინა უკვე რამდენიმე კვირაა ხელმისაწვდომია 12 -18 წლის მოზარდებისთვის. გადაუდებელი გამოყენებისთვის კომპანიას ავტორიზაცია ამერიკასა და ევროპაში მიანიჭეს.