კვლევის მე-3 ფაზა "ფაიზერის" ე.წ. ბუსტერის მაღალ ეფექტურობას ადასტურებს

ამერიკული "ფაიზერისა" და გერმანული "ბიონტექის" წარმომადგენლები ამბობენ, რომ მესამე ფაზის კვლევებმა მათი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის ე.წ. ბუსტერ დოზის ეფექტურობა დაადასტურა. მათ შორის - ყველაზე გავრცელებული, დელტა ვარიანტის წინააღმდეგაც.

კომპანიებში აცხადებენ, რომ კვლევა 16 წელზე უფროს 10 000-მდე მონაწილეს მოიცავდა. მათ 95.6%-ში მესამე, გამაძლიერებელი დოზის მაღალი ეფექტურობა სწორედ მაშინ გამოვლინდა, როდესაც მსოფლიოში დელტა ვარიანტი დომინირებდა. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ეს დამატებითი დოზა უსაფრთხოცაა.

ასევე ნახეთ: FDA-მ შესაძლოა ბუსტერების მიქსის სტრატეგია დაამტკიცოს

"ფაიზერი" ამბობს, რომ მათი ორდოზიანი ვაქცინის ეფექტურობა დროთა განმავლობაში მცირდება. მონაცემების თანახმად, ეფექტურობა 4 თვის შემდეგ, პიკური 94%-იდან 84%-მდე მცირდება. ზოგიერთ ქვეყანაში გამაძლიერებელ დოზას უკვე აქტიურად იყენებენ. თუმცა მეტწილად, სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანებისთვის. ამერიკაში "ფაიზერისა" და "მოდერნას" ვაქცინების გამაძლიერებელი დოზის მიღება შეუძლიათ ასაკოვან მოქალაქეებს და სხვადასხვა დაავადების თუ მიზეზის გამო დასუსტებული იმუნიტეტის მქონე პირებს.

მედიკამენტებისა და ვაქცინის მწარმოებელი კომპანიები აცხადებენ, რომ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო აცრის მეორე და გამაძლიერებელ - მესამე დოზას - შორის პერიოდი დაახლოებით 11 თვე იყო. მათ შორის. ვინც ე.წ. ბუსტერი მიიღო, მოგვიანებით კოვიდ-19-ით მხოლოდ 5 ადამიანი დაინფიცირდა, მათგან კი, ვინც პლაცებო მიიღო (ანუ ბუსტერ დოზა არ მიუღია) 109 ადამიანი დაავადდა.

"ეს შედეგები გვაძლევს დამატებით მტკიცებულებებს ბუსტერების სარგებლის შესახებ, რადგან ჩვენი მიზანი დაავადების წინააღმდეგ მოქალაქეებისთვის ძლიერი დაცვის შექმნაა", - თქვა "ფაიზერის" აღმასრულებელმა დირექტორმა ალბერტ ბურლამ.

კვლევის მონაწილეთა საშუალო ასაკი 53 წელი იყო. მათი 55.5% - ნახევარზე ოდნავ მეტი, 16-55 წლის იყო. 23.3% კი 65 წელზე ასაკოვანი.

კომპანიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ისინი კვლევის მონაცემებს, ისევე როგორც კოლეგების შეფასებებს ამ კვლევებთან დაკავშირებით, ამერიკის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციაში, ევროპის მედიცინის სააგენტოსა და სხვა მარეგულირებელ ორგანოებში უახლოეს მომავალში წარადგენენ.