პელეგრინიმ სლოვაკეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა

სლოვაკეთის ნაციონალისტური მემარცხენე მთავრობის კანდიდატმა პიტერ პელეგრინიმ ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში შაბათს გაიმარჯვა. ამან გააძლიერა პრორუსი პრემიერ-მინისტრის რობერტ ფიცოს ძალაუფლება ქვეყანაში.

ფიცო მთავრობაში მეოთხედ გასული წლის ოქტომბერში აირჩიეს. მან ქვეყნის საგარეო პოლიტიკა უფრო პრორუსულ რელსებზე გადაიტანა და სისხლის სამართლისა და მედიის რეფორმები წამოიწყო, რამაც შეშფოთება გამოიწვია კანონის უზენაესობის შესუსტებასთან დაკავშირებით.

პელეგრინიმ ამომრჩეველთა ხმების 53,26% მიიღო, ხოლო პროდასავლური ოპოზიციის კანდიდატმა ივან კორკოკიმ 46,73%. ამ დროისთვის, დათვლილია, საარჩევნო ოლქების 99,66%.

სლოვაკეთის პრეზიდენტებს არ აქვთ განსაკუთრებული აღმასრულებელი უფლებამოსილება, მაგრამ შეუძლიათ ვეტო დაადონ კანონებს, ან გაასაჩივრონ ისინი საკონსტიტუციო სასამართლოში. ისინი ასახელებენ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებსაც, რომლებსაც შესაძლოა მნიშვნელოვანი როლი ჰქონდეთ პოლიტიკურ დაპირისპირებაში მაშინ, როდესაც ფიცო პრორუსულ რეფორმებს ატარებს.

ფიცოს კოალიციამ, რომელშიც შედის პელეგრინის პარტიაც, უკრაინისთვის სლოვაკეთიდან იარაღის ოფიციალური მიწოდება შეაჩერა. ფიცო ამბობს, რომ ამ ომში დასავლეთის გავლენა იგრძნობა და რომ ომმა უკრაინაში მხოლოდ სლავური ქვეყნების მიერ ერთმანეთის მოსახლეობის დახოცვა გამოიწვია.

48 წლის პელეგრინიმ თქვა, რომ მისი გამარჯვება ნიშნავს, რომ მთავრობას ექნება მხარდაჭერა თავის მიზნებში და ის მათ პრობლემებს არ შეუქმნის.