უკვე მეექვსე დღეა ამერიკის მთავრობის ნაწილის საქმიანობა შეჩერებულია. სავარაუდოდ, შეთანხმების მიღწევა ვერც დღეს მოხერხდება. პრეზიდენტი და დემოკრატი კანონმდებლები ბიუჯეტის იმ ნაწილზე ვერ თანხმდებიან, რომელიც შიდა უსაფრთხოების დეპარატამენტის დაფინანსებასაც მოიცავს. პრეზიდენტი მექსიკასთან სასაზღვრო კედლის ასაშენებლად 5 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითხოვს, ოპოზიცია კი მას მხოლოდ 1.3 მლრდ-ს სთავაზობს და ისიც არა მხოლოდ კედლისთვის, არამედ ზოგადად, სასაზღვრო უსაფრთხოებისთვის.
ხუთშაბათ დილით პრეზიდენტმა „ტვიტერზე“ დაწერა:
„დაე, დემოკრატებმა საბოლოოდ გააცნობიერონ, რომ ჩვენ აუცილებლად გვჭირდება სასაზღვრო უსაფრთხოება და კედელი ჩვენს სამხრეთ საზღვარზე“. მან ასევე აღნიშნა, რომ ბევრი ის ადამიანი, რომელიც მთავრობის საქმიანობის ნაწილობრივი შეჩერების გამო ხელფასს ვერ იღებს, დემოკრატია. ოთხშაბათს მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს, როგორ ფიქრობს, რამდენ ხანს გასტანს პერიოდი, როდესაც ხელისუფლების ნაწილის საქმიანობა გაჩერებულია. მან უპასუხა: „რამდენიც საჭირო იქნება. ჩვენ ვაპირებთ კედლის აშენებას, ჩვენ ვაპირებთ უსაფრთხოების გაძლიერებას“.