პალესტინელთა ჯანდაცვის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს რომ ხუთშაბათს, ოკუპირებულ დასავლეთ ნაპირზე, ამ დაძაბულობის კერაში რეიდის დროს, სულ მცირე 9 პალესტინელი, მათ შორის 60 წლის ქალი მოკლეს და კიდევ რამდენიმე ადამიანი დაჭრეს.
ძალადობა მოხდა ჯენინის ლტოლვილთა ბანაკში დღის საათებში ჩატარებული ოპერაციის დროს, რომელიც პალესტინელმა ჯანდაცვის ოფიციალურმა პირებმა დაახასიათეს როგორც „მძვინვარე“. ლტოლვილთა ეს ბანაკი შეიარაღებულ მებრძოლთა საყრდენი წერტილია და თითქმის ერთი წლის განმავლობაში, დასაპატიმრებელი რეიდების დროს, ისრაელელთა ყურადღების ცენტრში იყო. ამ თვეში კონფლიქტმა კვლავ იფეთქა. წლის დასაწყისიდან კი 29 პალესტინელი მოკლეს. ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის თუ ხუთშაბათს მოკლულთაგან, შეიარაღებულ ჯგუფებთან რამდენი იყო დაკავშირებული.
ასევე ნახეთ: დასავლეთ ნაპირზე შეტაკებისას პალესტინელი მოკლესისრაელის სამხედრო უწყებამ განაცხადა, რომ ის იშვიათ დღის ოპერაციას ატარებდა, რადგან მიიღო სადაზვერვო ცნობები რომ შეიარაღებული დაჯგუფება, რომელიც ამ ბანაკში მტკიცედ ფეხმოკიდებულ პალესტინურ ისლამურ ჯიჰადთანაა დაკავშირებული, ისრაელელების წინააღმდეგ თავდასხმებს ამზადებდა. ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ორმხრივი სროლა მოხდა. სამხედრო უწყებამ განაცხადა, რომ მათი სამიზნე შეიარაღებული მებრძოლები იყვნენ. პალესტინელებმა დაღუპულთაგან სულ მცირე ერთი, ამოიცნეს როგორც შეიარაღებული მებრძოლი.
პალესტინელთა პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა ტერიტორიაზე სამდღიანი გლოვა გამოაცხადა და დროშების ნახევრად დაშვების ბრძანება გასცა.
ისრაელის უფლებადამცველი ჯგუფის, ბ’თსელემის თანახმად, გასულ წელს თითქმის 150 პალესტინელი მოკლეს, რამაც 2022 წელი, 2004 წლის შემდეგ, ყველაზე სისხლიანი გახადა.