წყალდიდობებით დაზარალებული პაკისტანი ინდოეთის ჰუმანიტარულ დახმარებას მიიღებს

პაკისტანელი ანალიტიკოსები ინდოეთიდან მიღებული ჰუმანიტარული დახმარების საკითხს დიდი სიფრთხილით ეკიდებიან

არნახული წყალდიდობებით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად პაკისტანი საერთაშორისო თანამეგობრობისგან ასობით მილიონ დოლარს ღებულობს. დონორ სახელმწიფოებს შორის ისლამაბადმა თავისი დიდი ხნის მეტოქის - ინდოეთის - დახმარების დაპირებაც მიიღო.

პაკისტანში გაეროს ოფიციალურმა პირებმა შაბათს განაცხადეს, რომ მათ წყალდიდობით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად საერთაშორისო თანამეგობრობის 460 მილიონიანი დახმარების პაკეტის 70 პროცენტი უკვე მიიღეს.

წყალდიდობიდან უკვე თითქმის ერთი თვე გავიდა და ინდოეთი პაკისტანს 5 მილიონი დოლარის დახმარების გამოყოფას დაპირდა.

გასულ პარასკევს, როცა გაირკვა, რომ პაკისტანი ინდოეთის დახმარებას მიიღებდა, გაეროში ინდოეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ჰარდიპ სინგხ პურიმ გენერალურ ასამბლეას სიტყვით მიმართა.

„ჩვენ ყველა ზომას მივმართავთ პაკისტანის დასახმარებლად და წყალდიდობების შედეგების დასაძლევად. ჩვენ პაკისტანის მთავრობას გულწრფელ დახმარებას ვთავაზობთ ამ კატასტროფით დაზარალებული მოსახლეობის სრული რეაბილიტაციის მიზნით,“ განაცხადა მან.

აღსანიშნავია, რომ ატომური იარაღით აღჭურვილი ინდოეთი და პაკისტანი არაერთხელ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ბოლო რამდენიმე ათწლეულის მანძილზე. პაკისტანელი მიმომხილველები აღნიშნავენ, რომ ინდოეთის მხრიდან დახმარების აღმოჩენის დაპირება ორ ქვეყანას შორის განსაკუთრებულად მგრძნობიარე კონტექსტში მოხდა.

გასული ორი თვის მანძილზე ორი ქვეყნის საზღვარზე რამდენიმე საბრძოლო შეტაკება დაფიქსირდა, რასაც ორივე მხარის საჯარისო ნაწილების პირად შემადგენლობაში დანაკარგები მოჰყვა.

ივლისში ინდოეთის საშინაო საქმეთა მდივანმა გ.კ.პილაიმ პაკისტანის სადაზვერვო სამსახური 2008 წელს ქალაქ მუმბაიში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის ორგანიზებაში დაადაშაულა. როგორც ცნობილია, ხსენებული ტერორისტული თავდასხმის შედეგად 166 ადამიანი დაიღუპა. ბრალდების გაჟღერებიდან ერთი დღის შემდეგ კი ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ს.მ. კრიშნა ისლამაბადში თავის პაკისტანელ კოლეგას შაჰ მეჰმუდ ქურეშის შეხვდა. მაგრამ ხსენებულმა ბრალდებამ მოლაპარაკებები, როგორც ჩანს, დაჩრდილა.

ისლამაბადის ქუაიდ-ი-აზამის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა ექსპერტს იშტიაქ აჰმადს მიაჩნია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების გამახვილებამ პაკისტანის წყალდიდობებზე გავლენა მოახდინა ინდოეთზე, რის შედეგადაც დელიმ თავის მეტოქეს დახმარების აღმოჩენა აღუთქვა.

„ინდოელები დიდი დილემის წინაშე აღმოჩნდნენ რადგან პაკისტანს მთელი მსოფლიო ეხმარება. ამდენად მათ ნამდვილად არ სურდათ, რომ ინდოეთი გამონაკლისი გამხდარიყო. ავღანეთმაც კი 1 მილიონი დოლარის დახმარების გამოყოფის დაპირება დადო,“ აღნიშნა აჰმადმა.

რიფატ ჰუსეინი კი იმავე უნივერსიტეტის მშვიდობისა და კონფლიქტის შესწავლის დეპარტამენტის თანამშრომელია. მისი თქმით, ინდოეთსა და პაკისტანს შორის ჰუმანიტარული დახმარების გამოყოფის საკითხი პოლიტიკური თვალსაზრისით ყოველთვის მგრძნობიარე თემა იყო.

„დაახლოებით ათი წლის წინ ინდოეთის გუჯარატის შტატში მიწისძვრა მოხდა და პაკისტანის მთავრობამ ინდოეთს ჰუმანიტარული დახმარების გამოყოფა აღუთქვა, მაგრამ ინდოეთის მთავრობამ დახმარების მიღებაზე უარი განაცხადა. ამდენად ორ ქვეყანას შორის არაერთხელ მომხდარა, როცა დახმარების შემოთავაზება ორივე მხარემ უგულვებელყო,“ აღნიშნა რიფატ ჰუსეინმა.

მისი თქმით, ინდოეთის მთავრობის 5 მილიონი დოლარის დახმარების გამოყოფის დაპირება საკმაოდ დელიკატურ დიპლომატიურ სვლას წარმოადგენს რადგან სხვა სახელმწიფოების დახმარება ათობით მილიონ დოლარში გამოიხატება. ამას გარდა გასათვალისწინებელია ისიც, რომ ქვეყანაში შექმნილი კატასტროფული მდგომარეობის გამო პაკისტანში დახმარების უზარმაზარი მოთხოვნილება არსებობს. რიფატ ჰუსეინის თქმით:

„ეს ხომ ზღვაში წვეთია. ვფიქრობ, რომ ისინი საერთაშორისო თანამეგობრობას ისევე როგორც პაკისტანს აწვდიან გზავნილს, რომ ინდოეთი კეთილმოსურნე ქვეყანაა.“

ქალაქ ლაჰორში საერთაშორისო ურთიერთობების ანალიტიკოსი რასულ ბაქშ რაისი ეთანხმება ჰუსეინის მოსაზრებას, რომ ინდოეთის დახმარების დაპირებას მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. მაგრამ რაისი აგრეთვე აღნიშნავს, რომ პაკისტანში ბევრი ინდოეთის მიერ გამოყოფილ თანხას დაცინვით აღიქვამს რადგან ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით ინდოეთი პაკისტანს ბევრად უსწრებს.

მისი თქმით, ისლამაბადის გადაწყვეტილება ინდოეთის დახმარების მიღებასთან დაკავშირებით პაკისტანის მთავრობაზე ზეწოლას გაზრდის რადგან წყალდიდობებით დაზარალებულ მოსახლეობაში სულ უფრო ხშირად გაისმის კრიტიკა იმის გამო, რომ მათ საკმარისი რაონდეობის ჰუმანიტარული დახმარება დღემდე არ მიუღიათ.

ჰუმანიტარული დახმარების წყაროებისა თუ სიდიდის მიუხედავად, ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ქვეყანას საერთაშორისო თანადგომა მაქსიმალურად სჭირდება რადგან უწყვეტი წვიმების ფონზე პაკისტანი 80 წლის მანძილზე ყველაზე გამანადგურებელ წყალდიდობებს განიცდის.