აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოში ცვლილებები გრძელდება

შეერთებული შტატების გლობალური მედია-სააგენტოს (USAGM) ხელმძღვანელმა მაიკლ პეკმა რამდენიმე მაღალ პოზიციაზე მყოფი თანამშრომლის გასათავისუფლებლად საჭირო ნაბიჯები გადადგა. მათი ნაწილი ამას ანგარიშსწორებად მიიჩნევს. სააგენტო ზედამხედველობს რამდენიმე საერთაშორისო მაუწყებელს, მათ შორის "ამერიკის ხმასა" და "რადიო თავისუფლებას".

კომენტარში, რომელიც სააგენტომ გამოცემებს "პოლიტიკო" და "ნიუ-იორკ პოსტი" გაუგზავნა, ნათქვამია, რომ ეს ნაბიჯები სამუშაო ადგილზე კანონის უზენაესობისადმი პატივისცემის აღდგენისთვის იყო გადადგმული. მიზეზებს შორის დასახელებულია უცხოელი თანამშრომლების არასაკმარისი, არადამაკმაყოფილებლად მკაცრი შემოწმება. საქმე ეხება "ამერიკის ხმის" არაამერიკელ თანამშრომლებსაც.

ასევე ნახეთ: ამერიკული მედია-სააგენტოს ახალი ანგარიში უსაფრთხოების ნორმების წლობით უგულვებელყოფას ავლენს


პირები, რომელთა პასუხისმგებლობის საკითხიც დადგა, ამჟამად ადმინისტრაციულ შვებულებაში არიან. გრანტ ტერნერი, მთავარი ფინანსური ოფიცერი, ერთ-ერთი მათგანია და ამბობს, რომ ეს ხელმძღვანელობის მხრიდან ანგარიშსწორებაა იმისთვის, რომ მან ახალი მმართველების მხრიდან არასწორ მენეჯმენტზე და მთავრობის მხრიდან ჟურნალისტების საქმიანობაში ჩაურევლობის მნიშვნელობაზე ხმამაღლა ისაუბრა. ტერნეტმა "ამერიკის ხმას" უთხრა, რომ მისი გათავისუფლების მიზეზები უსაფუძვლოა. მსგავს მიზეზებს ასახელებს დევიდ კლიგერმანიც, სააგენტოს იურისტი. მისი თქმით, ესაა ანგარიშსწორება იმისთვის, რომ ის საკუთარი საქმის გაკეთებას აპოლიტიკურად ცდილობდა.

აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს ჯერ არ უპასუხია "ამერიკის ხმის" შეკითხვისთვის შესაძლო ანგარიშსწორების თაობაზე და არც იმის შესახებ, ნამდვილად არის თუ არა კიდევ 4 მაღალი რანგის თანამშრომელი, რომლებმაც შესაძლოა თანამდებობე ასევე დატოვონ.

თითქმის ორწლიანი ლოდინის შემდეგ, სენატმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ წარდგენილი კანდიდატი მაიკლ პეკი, ამერიკის გლობალური მედიის სააგენტოს აღმასრულებელ დირექტორად დაამტკიცა. სააგენტოში შემავალი მაუწყებლების თუ ორგანიზაციების რამდენიმე ხელმძღვანელი თავად გადადგა, ზოგიც ახალმა მმართველმა გადააყენა. ახალი თანამშრომლების აყვანა და მოქმედი უცხოელი თანამშრომლებისთვის ვიზების განახლება დროებით შეჩერებულია