დე–ფაქტო სამხრეთ ოსეთში თანდათან „ყველაფერი თავის ადგილზე დგება“. იქ ხმათა 54 პროცენტით პრეზიდენტი უკვე აირჩიეს. ლეონიდ თიბილოვი უფლებამოსილების განხორციელებას ინაუგურაციის შემდეგ შეძლებს, რომელიც 19 აპრილისთვისაა დაგეგმილი. იგი უკვე შეხვდა ვადიმ ბროვცევს, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს სამხრეთ ოსეთში, რომლისგანაც მილოცვა მიიღო.
„გილოცავთ გამარჯვებას და მადლობას გიხდით საარჩევნო კამპანიის წარმოებისთვის მაღალ დემოკრატიულ დონეზე. მადლობა დიდი, ყველაფერს გავაკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი საზოგადოება დარწმუნდეს, ხელიუსფლება მათ მხარესაა.“
ყველა დიდი ინტერესეით ელის რა განვითარება მოჰყვება ჯიოევას საკითხს. წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ლეონიდ თიბილოვი, ამჟამად უკვე გამარჯვებული კანიდატი აცხადებდა, რომ შესთავაზებდა თანამშრომლობას გასული წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულს, რომელიც, ფაქტობრივად პოლიტიკურ ტყვეობაში აღმოჩნდა ცხინვალის საავადმყოფოში ერთი თვის განმავლობაში. ლეონიდ თიბილოვის გამარჯვების შემდეგ ჯიოევამ გამოაცხადა ახალი პარტიის ჩამოყალიბების შესახებ, რომელსაც „თავისუფლების მოედანი“ ერქმევა. რუსულ საინფორმაციო საშუალებებთან მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ შემოთავაზებები თიბილოვისგან მხოლოდ „მესამე პირების“ მეშვეობით მიიღო, უშუალოდ პრეზიდენტისგან კი არაფერი სმენია. ჯიოევა ამბობს, რომ აპირებს ბრძოლის გაგრძელებას ახლადშექმნილ პოლიტიკურ პარტიასთან ერთად, რომლის რეგისტრაციაში გასატარებლად მას კვლავ ხელისუფლებისთვის მიმართვა მოუწევს. ჯიოევა ამბობს, რომ იგი არ დაიკავებს თანამდებობას, თუ არ ექნება რეალურად მოქმედების თავისუფლება. „ჩემთვის მთავარია ვიგრძნო, რომ ადამიანებისთვის სარგებლის მოტანა შემიძლია,“– აცხადებს ის. იმ შემთხვევაშიც კი, თუ იგი თიბილოვისგან შეთავაზებულ რაიმე თანამდებობას დათანხმდება, არ აპირებს უარი თქვას პარტიულ მოღვაწეობაზე და ამ ორივე სამუშაოს შეთავსებას გეგმავს.
„მადლობა ღმერთს, ყველაფერი დამთავრდა. ჩვენ მივიღეთ ახალი პარტიის შექმნის წინადადება, რომელიც ითანამშრომლებს ან ოპონირებას გაუწევს ხელისუფლებას, იმისდა მიხედვით, როგორ მოიქცევა იგი“.
პაატა ზაქარეიშვილი, ექსპერტი კავკასიის საკითხებში ჩვენთან საუბრისას აცხადებდა, რომ ჯიოევასთვის ყველაზე მომგებიანი იქნებოდა, თუ იგი არ დათანხმდებოდა პოლიტიკურ შემოთავაზებებს და შეუდგებოდა მზადებას საპარლამენტო არჩევნებისთვის. პარტიის დაარსებით, ჯიოევა ამას შეძლებს, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ მისი ამ ინიციატივის შემდეგ ჯიოევას არაერთმა თანამოაზრემ მიაკითხა და თანადგომა აღუთქვა. მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ დე–ფაქტო სამხრეთ ოსეთის ამჟამინდელ პარლამენტში უმრავლესობას ყოფილი პრეზიდენტის, კოკოითის გუნდის წევრები შეადგენენ, რომელთა მიმართ იქაური საზოგადოება კეთილგანწყობილი არაა.
პირველივე ბრიფინგზე, რაც არჩევნების შემდეგ კანიდატებმა გამართეს, ლეონიდ თიბილოვმა დაადასტურა მზადყოფნა საკუთარ გუნდში შესთავაზოს ადგილი დავით სანაკოევს, კანიდატს, რომელსაც ამომრჩეველთა 42–მა პროცენტმა დაუჭირა მხარი.
ლეონიდ თიბილოვი აცხადებდა: „დავით სანაკოევმა თავი გამოავლინა, როგორც ახალგაზრდა, პერსპექტიულმა ადამიანმა და სახელმწიფო სტრუქტურების კარგმა თანამშრომელმა. მე მის რესურსს გამოვიყენებ და შევთავაზებ ჩვენს გუნდში მუშაობას“.
ორიოდე დღის შემდეგ, ერთ–ერთი რუსული საინფორმაციო საშუალებისთვის მიცემულ ინტერვიუში თიბილოვმა ამჯობინა ძალიან ეფრთხილა დაპირებებთან დაკავშირებით. მან ჯიოევასთან მიმართებით განაცხადა, რომ აპირებს შეხვედრას და მხოლოდ ამის შემდეგ გაირკვევა რა იქნება მისი წინადადება. თიბილოვს არ დაუსახელებია პრემიერ მინისტრის საკუთარი კანდიდატურაც კი. მისი საუბრიდან მხოლოდ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ კვლავ გააგრძელებს თანამშრომლობას ბიბილოვთან, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ რაუნდში ჯიოევასთან დამარცხებულ კანიდატთან, რომელიც კოკოითის გუნდის წევრია. ამჟამად იგი მინისტრის პოსტს იკავებს სამხრეთ ოსეთში. თიბილოვი ფრთხილი იყო ყოფილი მეტოქის, დავით სანაკოევის შესახებ განცხადებებშიც, რომელსაც მანამდე საკუთარ გუნდში სთავაზობდა ადგილს. თიბილოვმა განაცხადა, რომ შეთავაზებას მხოლოდ შეხვედრის შემდეგ გააკეთებს. დე–ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტს არც ის ადამიანი დაუსახელებია, ვისთანაც გადიოდა კონსულტაციებს წინასაარჩევნო პროცესში და არჩევნების დღეს.
თიბილოვი ამბობს: “გაცხადებული იყო, რომ ხალხი აირჩევდა პრეზიდენტს, ხოლო რუსეთის ხელისუფლება ითანამშრომლებდა მასთან, ვისაც ხალხი აირჩევდა. შეხვედრები რუსეთის წარმომადგენლებთან იყო არჩევნებამდეც და არჩევნების დღესაც. რასაკვირველია ჩვენ შევინარჩუნებთ ინტეგრაციას რუსეთთან, როგორც ეს სამხრეთ ოსეთის ხალხმა აირჩია. დღეს არ არის საუბარი სამხრეთ ოსეთის შეიარაღებაზე, მაგრამ ჩვენ ვაპირებთ რუსეთთან თანამშრომლობას როგორც სამედრო–ტექნიკურ, ასევე თავდაცვის საკითხებში. მართალია, მე „ კაგებეს“ სკოლა მაქვს გავლილი, რომელიც ძალიან სერიოზულია. მისი დამსახურებაა, რომ გამომიმუშავდა ყველა ის საჭირო და სასარგებლო ჩვევა, რაც მოიცავს ადამიანებთან ურთიერთობას, ფსიქოლოგიის ცოდნას. ეს გამოცდილება, რასაკვირველია, მეხმარება მუშაობისას. რაც შეეხება დავით სანაკოევს, მისი პოტენციალი და შესაძლებლობები გამოყენებული იქნება ახალ გუნდში, თუმცა ჩვენ ჯერ ვაპირებთ შეხვედრას. ნოემბერ–დეკემბერში დაკავებულებთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ ვინც ჩრდილო ოსეთის ტერიტორიაზეა დაპატიმრებული და მათი ქმედება არ ატარებს დანაშაულის ხასიათს, შევეცდებით დახმარებას. ცხინვალში დაკავებულებს რაც შეეხება, ვფიქრობ, რომ ყველა პრეზიდენტის ვალია ჯერ შეისწავლოს საქმე და მხოლოდ ამის შემდეგ გამოაცხადოს ამინისტია, თუ შეწყალება.
ალა ჯიოევაზე კი შემიძლია გითხრათ, რომ მას დიდი ხანია ვიცნობ, ის ძალიან შრომისმოყვარე ადამიანია, მასთან თანამშრომლობის საკთხიც ჩვენი შეხვედრის შემდეგ გადაწყდება, მისი სურვილის გათვალისწინებით. რაც შეეხება აღძრულია თუ სისხლის სამართლის საქმე მასზე, არაფრის თქმა არ შემიძლია, არ მაქვს არანაირი ინფორმაცია.“
საპრეზიდენტო მარათონში დამარცხებულმა სახალხო დამცველმა დავით სანაკოევმა ახალი განცხადება გააკეთა. მან თქვა, რომ პოლიტიკური პარტიის დაარსებას აპირებს, რათა არ გაუცრუოს იმედები ამომრჩეველთა იმ 42 პროცენტს, რომელთაც მხარი დაუჭირეს. სანაკოევი „ახალი ოსეთის“ დამფუძნებელი ყრილობის გამართვას მაისში გეგმავს, მას შემდეგ, რაც პარტიას რეგისტრაციაში გაატარებს. ამდენად, ჯიოევა და სანაკოევი ანალოგიური მოთხოვნით დე–ფაქტო სამხრეთ ოსეთის იუსტიციის სამინისტროს მიმართავენ, რათა ორ პარტიას, „თავისუფლების მოედანსა“ და „ახალ ოსეთს“ პოლიტიკური მოღვაწეობის საშუალება მიეცეს.