ამერიკის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტი თბილისში დასრულდა, თუმცა მისი თანაშემწე, ფილიპ რიკერი საქართველოში დარჩა და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს შეხვდა. რიკერი დახურულ კარს მიღმა ყველა იმ ოპოზიციურ პარტიას შეხვდა, ვინც საპარლამენტო არჩევნებში 1%-იანი ბარიერი გადალახა და პარლამენტში მოხვდა. შეხვედრა, დაახლოებით, 3 საათს გრძელდებოდა და მისი დასრულების შემდეგ, ოპოზიციის წარმომადგენლებმა კომენტარები გააკეთეს.
„ის, რომ ელჩი რიკერი დარჩა საქართველოში და ის არ გაჰყვა სახელმწიფო მდივანს ისრაელში, იმის ინდიკაციაა, რომ ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეს, ისევე, როგორც ევროპის კავშირს, შესანიშნავად ესმის - რაოდენ ღრმაა პოლიტიკური კრიზისი საქართველოში და როგორ გვჭირდება ჩვენ ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების დახმარება... ყურადღებით მოისმინეს, რაც ჩვენ ვუთხარით - ფაქტებით დარღვევებზე, ფაქტებით გაყალბებებზე“, განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“.
ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის შეხვედრამ, ოპიზიციონერებს აზრი ვერ შეაცვლევინა და ისინი, კვლავ ამბობენ, რომ არ აპირებენ პარლამენტში შესვლას და მანდატების გამოყენებას.
ასევე ნახეთ: თბილისში, მაიკ პომპეომ ვიზიტი დაასრულა„ჩვენი პოზიცია არის იგივე, მზად ვართ ვიმუშაოთ კონსტრუქციულად, გაგრძელდეს დიალოგის რეჟიმში ჩვენი ურთიერთობა ხელისუფლებასთან, ქართულ ოცნებასთან იმისთვის, რომ ჩვენ მივაღწიოთ ახალი არჩევნების დანიშვნას“, თქვა პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ.
საპარლამენტო არჩევნების დღისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ოფიციალური მონაცემების გამოცხადების შემდეგ, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვაში ამერიკისა და ევროკავშირის ელჩებიც არიან ჩართული. მათი ინიციატივით, ოპიოზიციასა და ხელისუფლებას შორის ორი შეხვედრა უკვე შედგა და დაგეგმილია მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი.
რიკერთან შეხვედრის შემდეგ, ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს, რომ მზად არიან, „ქვეყნის სტაბილურობისთვის“ მუშაობა განაგრძონ.
„ჩვენი ამოცანა არ არის ქუჩაში გასვლა, ჩვენი ამოცანა არ არის ამ ქვეყანაში დესტაბილიზება. პირიქით, ჩვენი ამოცანაა, რომ საქართველოში იყოს სიმშვიდე და სტაბილურობა. მაგრამ, ჩვენიშეფასებით, იმ ხარისხის დარღვევებმა, რომლებიც დაფიქსირდა არჩევნებზე, შეუძლებელი გახადა ეს ყველაფერი ახალი არჩევნების გარეშე“, თქვა დავით ბაქრაძემ, პარტია „ევროპული საქართველოდან“.
ასევე ნახეთ: სახ. დეპარტამენტი: ცესკოს მიერ პროცესების არაგამჭვირვალედ წარმართვამ ეჭვი გაზარდაოპოზიციისა და რიკერის შეხვედრამდე, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა მაიკ პომეოს ვიზიტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, სადაც სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ისინი მხარს უჭერენ ოპოზიციის ბრძოლას პარლამენტის შიგნით და არა მის გარეთ. თუმცა, იქვე განმარტეს, რომ მათ ესმით ოპოზიციის უნდობლობა, როგორც საარჩევნო დავების გადაჭრის, ისევე სასამართლო პროცესის მიმართ.
„ევროკავშირის ელჩთან ერთად, ყველა პარტიასთან შეხვედრებს ვუმასპინძლეთ, რათა გვენახა შესაძლებელი იყო თუ არა ჩიხიდან მოლაპარაკების გზით გამოსავლის მოძებნა, რადგან ჩვენ მხარს ვუჭერთ ცვლილებებისთვის ოპოზიციის ბრძოლას პარლამენტის შიგნიდან და არა კვლავ ბოიკოტს. მათი, ასე ვთქვათ, რეფლექსია ქუჩაში გასვლა და ბოიკოტია. ჩვენ მოვუწოდებთ მათ, იბრძოლონ ცვლილებებისთვის შიგნიდან. თქვენ აგირჩიეს მხარდამჭერებმა იმისთვის, რომ შეხვიდეთ პარლამენტში და მოიტანოთ ცვლილებები“, - ამბობს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი რანგის ოფიციალური პირი.
ასევე ნახეთ: აშშ-ის სახელმწიფო მდივანი თბილისშიასახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების თქმით, მათ ქართულ ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდეს. „ნანახი ფილმის ხელახლა ნახვას ჰგავს მათ (ოპოზიციის) მიერ ბოიკოტის გამოცხადება. ჩვენ მოვუწოდებთ მათ, შევიდნენ პარლამენტში, განახორციელონ მრავალმნიშვნელოვანი საარჩევნო ცვლილებები, რათა შემდეგი არჩევნები უკეთესი იყოს და არც ჩვენ და არც მათ არ ვნახოთ იგივე დარღვევების განმეორება“, - აცხადებენ სახელმწიფო დეპარტამენტში.
გაერთიანებული ოპოზიცია არ აღიარებს არჩევნების შედეგებს და უარს ამბობს პარლამენტში შესვლაზე. ისინი ახლა უკვე, აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების ჩართულობით, ხელისუფლებასთან მოლაპარაკების გზით ცდილობენ, რომ მათი მოთხოვნები დაკმაყოფილდეს. ოპიზიცია ითხოვს ხელახალი არჩევნების ჩატარებას; ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.