ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სახ. დეპარტამენტი: ცესკოს მიერ პროცესების არაგამჭვირვალედ წარმართვამ ეჭვი გაზარდა


სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოში სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტთან დაკავშირებით, ბრიფინგი გამართა. ბრიფინგზე, საერთაშორისო პრესისთვის, მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისსა და გასულ საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრეს.

პოლიტიკურ ვითარებაზე საუბრისას, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ისინი მხარს უჭერენ ოპოზიციის ბრძოლას პარლამენტის შიგნით და არა მის გარეთ. თუმცა, იქვე განმარტეს, რომ მათ ესმით ოპოზიციის უნდობლობა, როგორც საარჩევნო დავების გადაჭრის, ისევე სასამართლო პროცესის მიმართ.

„ევროკავშირის ელჩთან ერთად, ყველა პარტიასთან შეხვედრებს ვუმასპინძლეთ... რათა გვენახა შესაძლებელი იყო თუ არა ჩიხიდან მოლაპარაკების გზით გამოსავლის მოძებნა, რადგან ჩვენ მხარს ვუჭერთ ცვლილებებისთვის ოპოზიციის ბრძოლას პარლამენტის შიგნიდან და არა კვლავ ბოიკოტს. მათი, ასე ვთქვათ, რეფლექსია ქუჩაში გასვლა და ბოიკოტია. ჩვენ მოვუწოდებთ მათ, იბრძოლონ ცვლილებებისთვის შიგნიდან. თქვენ აგირჩიეს მხარდამჭერებმა იმისთვის, რომ შეხვიდეთ პარლამენტში და მოიტანოთ ცვლილებები“, - ამბობს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი რანგის ოფიციალური პირი.

საუბარი შეეხო საარჩევნო პროცესსა და დაფიქსირებულ დარღვევებსაც. დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ როგორც საქართველოს ისტორიის 30 წლის განმავლობაში, ამ არჩევნებზეც ადგილი ქონდა ისეთ დარღვევებს, როგორიცაა ხმების მოსყიდვა, ამომრჩევლების დაშინება და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება.

"საქართველო 20 წელია მუშაობს დემოკრატიის განვითარებაზე და აშშ მათ ამაში ეხმარება, თუმცა ისინი კვლავ დამოუკიდებელი ინსტიტუტების მშენებლობის პროცესში არიან და ჩემი აზრით, სწორედ ეს დავინახეთ ამ არჩევნებზე. თითქმის ბოლო 30 წელია მათ ხარვეზიანი არჩევნები აქვთ და ამ არჩევნებზეც მსგავსი ტიპის დარღვევები ვნახეთ: ხმების მოსყიდვა, ამომრჩევლების დაშინება, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება და საჯარო მოხელეების მიყვანა ხმის მისაცემად“, - ამბობს სახელმწიფო დეპარტამენტი.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების თქმით, მათ ქართულ ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდეს.

„ნანახი ფილმის ხელახლა ნახვას ჰგაქვს მათ (ოპოზიციის) მიერ ბოიკოტის გამოცხადება. ჩვენ მოვუწოდებთ მათ, შევიდნენ პარლამენტში, განახორციელონ მრავალმნიშვნელოვანი საარჩევნო ცვლილებები, რათა შემდეგი არჩევნები უკეთესი იყოს და არც ჩვენ და არც მათ არ ვნახოთ იგივე დარღვევების განმეორება“, - აცხადებენ სახელმწიფო დეპარტამენტში.

დეპარტამენტის წარმომადგენლების განცხადებით, არჩევნების შედეგების გამოცხადებასთან ერთად, თავდაპირველად არ იყო ნათელი დარღვევების მასშტაბი. ისინი აღნიშნავენ, რომ ცესკოს უარი გარკვეული საჩივრები განიხილოს და პროცესის არაგამჭვირვალედ წარმართვა, შედეგების სანდოობის გარშემო ეჭვებს ზრდის.

"ოფიციალური შედეგები, ცალკეულ შემთხვევაში, ახლოს იყო პარალელური დათვლის პროცენტულ პუნქტებთან, რომელიც ადგილობრივმა დამკვირვებლებმა ჩაატარეს. და ამიტომ თავდაპირველად ნათელი არ იყო, რომ ეს გარკვეულწილად მასშტაბური დარღვევებით ჩატარებული არჩევნები იყო. რამდენად უარესი იყო წინა არჩევნები, რომელთა შემდეგ ხელახალი არჩევნები არ მოუთხოვიათ? კიდევ ერთხელ - ჩვენ ყველას მოვუწოდებთ: გამოიყენეთ კანონიერი საშუალებები, რომლებიც წლების განმავლობაში შექმენით ამ ბრალდებების განსახილველად. გადათვლები და მსგავსი საკითხები, ასე ვთქვათ, ისე გამჭვირვალედ არ წარიმართა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ, როგორც საჭირო იყო, რამაც არსებული ეჭვი, შედეგების სანდოობის გარშემო, გაზარდა", - ნათქვამია განცხადებაში.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესასთან გაკეთებული განცხადებების მიხედვით, სახელმწიფო მდივანმა სამოქალაქო საზოგადოებასთან სასამართლო დამოუკიდებლობაზე ისაუბრა, მათ შორის არჩევნების კონტექსტშიც.

„ეს იყო სახელმწიფო მდივნის სამოქალაქო სექტორთან სასამართლო რეფორმაზე შეხვედრის მიზეზი, რადგან რომ იყოს ნამდვილად დამოუკიდებელი სასამართლო, საარჩევნო დარღვევების ბრალდებები, რაც გაკეთდა, გადაიჭრებოდა სასამართლოში და ხალხს ექნებოდა განაჩენის ნდობა. თუმცა ახლა, ისინი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართავენ და შემდეგ შეუძლიათ სასამართლოს მიმართონ. ზოგი (სარჩელი) სასამართლოში წავიდა. თუმცა, რადგან ზოგს ოპოზიციაში არ აქვთ ნდობა სამართლებრივი განაჩენის მიმართ, იქნება ეს ცესკო თუ სასამართლო, ისინი თავს ჩიხში გრძნობენ“, - განაცხადეს სახელმწიფო დეპარტამენტში.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრისას, სახელმწიფო მდივანმა ყურადღება სწორედ საარჩევნო პროცესებზე გაამახვილა.

"ჩვენ შესანიშნავი მეგობრები ვართ უკვე 30 წელია. მხარს გიჭერთ დემოკრატიულ საკითხებში და ერთად ვმუშაობთ იმ თემებზე, რომლებიც თქვენი ქვეყნის ოკუპაციიდან მომდინარე ტკივილსა და სირთულეს უკავშირდება. ყველაფერს გავაკეთებთ მომავალშიც თქვენი ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესის მხარდასაჭერად, ინსტიტუტების გასაძლიერებლად, რაც მნიშვნელოვანია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის და ყოველივე იმისთვის, რაც მომდინარეობს ჯანსაღი დისკუსიიდან და დემოკრატიიდან“, - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა შეხვედრაზე.

სახელმწიფო მდივნის შეხვედრების პარალელურად, ოპოზიციამ მდუმარე აქცია გამართა. ოპოზიციის წარმომადგენლები, მიმდინარე კრიზისზე სასაუბროდ, სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელს, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ რიკერს შეხვდნენ.

სახელმწიფო მდივანი საქართველოს 17-18 ნოემბერს სტუმრობდა. ის საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს შეხვდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG