ჩრდილოეთ მაკედონიის ოპოზიციის ლიდერი ვადამდელ არჩევნებს ითხოვს. ეს მას შემდეგ ხდება, რაც პრემიერ-მინისტრმა ზორან ზაევმა გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა. მისმა პარტიამ მერების არჩევნებში რამდენიმე ქალაქში, მათ შორის დედაქალაქ სკოპიეშიც, ვერ გაიმარჯვა და საკმაოდ მცირე მხარდაჭერა მიიღო.
ჰრისტიან მიკოსკის, ოპოზიციური პარტიის - "მაკედონიის რევოლუციური ორგანიზაციულ-დემოკრატიული პარტია მაკედონიის ერთიანობისთვის" - ლიდერის განცხადებით, მათმა პარტიამ ადგილობრივ არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და ჩრდილოეთ მაკედონიის ცხოვრება მალე გაუმჯობესდება. მისი თქმით, არჩევნებში წარმატების შემდეგ, ახალი საპარლამენტო არჩევნებიც სავარაუდოდ "ძალიან მალე" დაინიშნება, რომელშიც მისი პარტია გაიმარჯვებს.
"მმართველ პარტიას ლეგიტიმაცია აღარ აქვს და ეს ახალი რეალობაა. საუკეთესო გზა კი ვადამდელი არჩევნებია", - ამბობს მიკოსკი.
ზაევმა ოპოზიციას მუნიციპალურ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და საკუთარი გუნდის დაბალ შედეგებზე პასუხისმგებლობა აიღო. ის პარტიის პრეზიდენტის თანამდებობიდანაც გადადგა, თუმცა ოპოზიციის ლიდერს ვადამდელი არჩევნების საჭიროების საკითხში არ ეთანხმება.