2012 წლის საპარლამენტო არჩევნების ზუსტი თარიღი ჯერ ცნობილი ისევ არ არის, თუმცა დაქსასულმა ოპოზიციური პარტიების ნაწილმა უკვე გამოაცხადა, რომ სექტემბრიდან აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას იწყებენ.
მათ შორის, ყველაზე აქტიური თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანიაა, რომელიც ექვსეულად წოდებული (თავისუფალი დემოკრატები, რესპუბლიკელები, ეროვნული ფორუმი, ხალხის პარტია, კონსერვატიული პარტია და საქართველოს გზა) პოლიტიკური კოალიციის ლიდერად მოიაზრება.
ივლისის ბოლოს ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაბრუნებულმა ალასანიამ უკვე მოიარა შიდა ქართლის, გურიისა და სამეგრელოს რამდენიმე რაიონი. მოსახლეობასთან შეხვედრების შემდეგ, ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა, რომ სამეგრელოს რეგიონის მმართველობას გუბერნატორ გოროზიას კლანი უნდა ჩამოშორდეს, ხოლო სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა თანამდებობა დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს. ირაკლი ალასანია საკუთარ ამომრჩეველს განსაკუთრებულ აქტიურობას სექტემბრიდან პირდება
„მთავარი პრობლემა რაც აქ აქვს ხალხს, მე მოვიარე შიდა ქართლის, გურიისა და სამეგრელოს სოფლები და ვაგრძელებ სოფლების შემოვლას, ყველგან მთავარი პრობლემა ეს არის უმუშევრობა. ტოტალური უმუშევრობა!
ადამიანების უდიდესი ნაწილი, სოფლად მცხოვრები, ძველად სოფლის მეურნეობაში დასაქმებული 70 პროცენტი არის უმუშევარი. ეს პირდაპირ კავშირშია, არასწორ, მე ვიტყოდი დამანგრეველ პოლიტიკასთან სოფლის მეურნეობაში, რასაც აწარმოებს ნაციონალური მოძრაობა და საქართველოს მთავრობა.
ჩემი აზრით, დროა, უკვე, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროში პროფესიონალები დაბრუნდნენ. მე მითხოვ, რომ სოფლის მეურნეობის მინისტრის და მთლიანად ხელმძღვანელობის პირდაპირი პასუხისმგებლობა დადგეს. ეს, რა თქმა უნდა საქართველოს მთავრობის ბრალია.
სექტემბრიდან დაიწყება ძალიან მიზანმიმართული აქციები პოლიტპატიმრებისა და პოლიტიკური უფლებების დაცვის კუთხით და ასევე, მედიის გათავისუფლების კუთხით.
ჩვენ მზად ვართ და შეთანხმებულებიც ვართ, პროფესიულ ჯგუფებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთობლივ საქმიანობაზე. ეს არის სამოქალაქო საზოგადოების და პოლიტიკური ძალების პარტნიორობა, რომელიც ერთადერთ მთავარ მიზანს ემსახურება - თითოეულ ჩვენს მოქალაქეს ჰქონდეს თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა“.
პოლიტიკური „რვიანის“ დაშლის პარალელურად, როგორც ცნობილია ორი პოლიტიკური ჯგუფი - „ახალი მემარჯვენეები“ და „ქრისტიან-დემოკრატები“ ხელისუფლების თამაშის წესებს დათანხმდნენ და წინასაარჩევნო მარათონში ჩაბმას დამოუკიდებლად აპირებენ.
ჯერჯერობით, უცნობია „ლეიბორისტული პარტიის“ და ნინო ბურჯანაძის პოლიტიკური მოძრაობის გეგმები. ამ პოლიტიკურმა ჯგუფებმა ბოლო არჩევნებს საერთოდ ბოიკოტი გამოუცხადეს.
„ქართული პარტიის“ დატოვების შემდეგ გაურკვეველია ლევან გაჩეჩილაძის პოლიტიკური მომავალი, მაისის მღელვარებიდან მიღებული შოკის შემდეგ, მძიმე სიტუაციაა თავად „ქართული პარტიაში“.
აქტიური პოლიტიკური კონსულტაციები მხოლოდ „ექვსეულში“ გრძელდება, თუმცა, როგორც „ეროვნული ფორუმის“ გენერალური მდივანი რეზო შავიშვილი ამბობს, ჯერ არაფერია ბოლომდე გარკვეული.
„ექვსეული - ეს იქნება პოლიტიკური ბლოკი, საარჩევნო ბლოკი თუ დარჩება კოალიციად, რომელიც იბრძვის მხოლოდ საარჩევნო გარემოს შესაცვლელად ეს ბოლომდე ცხადი რა თქმა უნდა არ არის. განსხვავებული ხედვების მქონე პარტიების შეთანხმება პრაქტიკულად ყველა პოლიტიკურ საკითხზე საკმაოდ რთული პროცესია.
ამ წუთისთვის მიმდინარეობს ეს მუშაობა. რა გამოვა აქედან მართალი გითხრათ ჯერჯერობით არ ვიცი. როგორ მივდივართ არჩევნებზე - ესეც არ ვიცი. მივდივართ ბლოკად, მივდივართ ცალ-ცალკე, მივდივართ რაიმე სხვა კონფიგურაციით, ეს გამოჩნდება მუშაობის პროცესში.“
სააკაშვილის მთავრობის ყოფილი წევრი, განათლების ყოფილი მინისტრი გია ნოდია ამბობს, რომ ოპოზიციამ ამომრჩევლის დაკვეთა გაერთიანების თაობაზე კვლავ ვერ შეასრულა. მისი აზერით, დღევანდელი მონაცემებით, ხუთ პროცენტიანი საარჩევნო ბარიერის გადალახვის შანსი მმართველი პარტიის გარდა, მხოლოდ სამ ოპოზიციურ გაერთიანებას აქვს.
„შემოდგომიდან ყველა პოლიტიკური პარტიისთვის მთავარი იქნება არჩევნებისთის მზადება. ეს თავისთავად ნიშნავს, რომ ოპოზიციის რადიკალური ფრთა დამარცხდა, შედარებით უფრო ზომიერ ფრთას, შეიძლება ძალიან არ გაუმარჯვია, მაგრამ, ალბათ, რადიკალებთან შედარებით მეტი ყურადღება ექნება.
დღევანდელი მონაცემებით, მეტ-ნაკლები შანსი ხუთ პროცენტიანი ბარიერის გადალახვის აქვთ - „ქრისტიან დემოკრატებს“, ლეიბორისტებს და ახლად შექმნილ „ექვსიანს“. ოპოზიციური ელექტორატის დაკვეთა ყოველთვის არის, რომ ოპოზიცია გაერთიანდეს, მაგრამ როგორც წესი, ოპოზიცია საზოგადოებას ამ დაკვეთას არ უსრულებს.“
ჯერჯერობით, მუშაობა ისევ არ დაუწყია ინტერპარტიულ ჯგუფს, რომელიც მმართველ პარტიასა და რამდენიმე ფორმალურად ოპოზიციურ ჯგუფს შორის გაფორმებული საარჩევნო შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა.
არაოფიციალურად ცნობილია, რომ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო საზოგადოებაში, კვლავაც სერიოზულ აზრთა სხვადასხვაობას იწვევს პარლამენტართა რაოდენობის გაზრდა 150-დან 190-მდე, კონსტიტუციონალისტების აზრით, ეს არა პოლიტიკურ ჯგუფებს შორის შეთანხმების, არამედ ისევ რეფერენდუმის საკითხია 2003 წელს სწორედ რეფერენდუმის გზით შემცირდა პარლამენტართა რაოდენობა 235-დან 150-მდე, მაშინ ამ გადაწყვეტილებას 2 მილიონ 300 ათასმა ადამიანმა დაუჭირა მხარი.