ომიკრონი დელტაზე მსუბუქია, მაგრამ მოდუნების უფლებას არ გვაძლევს

კოვიდ-19-ის ახალი ვარიანტი - ომიკრონი ადამიანის ფილტვებს შედარებით ნაკლებ აზიანებს, ვიდრე - დელტა. ამის შესახებ სპეციალისტები ახალი ლაბორატორიული მონაცემების დამუშავების საფუძველზე საუბრობენ. თუმცა ნაწილის აზრით, პაციენტთა მძიმე დაავადების შედარებით ნაკლები რიცხვები სავარაუდოდ მათ ვაქცინაციასაც უკავშირდება.

მიუხედავად ამისა, ომიკრონის გართულებებით ამერიკაში ყოველდღე საშუალოდ 1 200 ადამიანი კვდება. ეს თითქმის იგივე მაჩვენებელია, რაც კოვიდ-19-ის მეორე ტალღისას, 2020 წლის ივლისსა და აგვისტოში.

"მაშინაც კი, თუკი ის დელტასთან შედარებით მდუბუქია, ეს მაინც არ გადაქცეულა ჩვეულებრივ გაციებად. ეს კვლავ არის ის, რის გამოც ძალიან უნდა ვღელავდეთ", - ამბობს ჯო გროვი, გლაზგოს უნივერსიტეტის ვირუსის კვლევის ცენტრის უფროსი პროფესორი.

ამასთან, ჯანდაცვის ექსპერტები მოქალაქეებს აფრთხილებენ, რომ რადგან ომიკრონი უფრო მარტივად ვრცელდება და ბევრ ადამიანს აავადებს, მას კვლავ დიდი ზიანის გამოწვევა შეუძლია, მით უმეტეს ასაკოვან ან სხვა დაავადებების მქონე მოქალაქეებში, რომლებიც არ არიან აცრილნი.

ახალმა ლაბორატორიულმა კვლევებმა აჩვენა, რომ წინა ვარიანტებთან შედარებით ომიკრონი ფილტვების ქსოვილებს ნაკლებად აზიანებს და ინფიცირების შემთხვევაში არც ძლიერ ანთებით პროცესებს იწვევს. თუმცა ვარიანტი კვლავ ძლიერ აზიანებს ცხვირისა და ყელის ქსოვილებს. სპეციალისტების თქმით, ეს ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რატომ ვრცელდება ომიკრონი ასე სწრაფად და ადვილად: მისი დახველების ან დაცემინებისას გადადება ძალიან ადვილია. სამხრეთ აფრიკელი ექიმები ამბობენ, რომ ქვეყანაში ფართოდ გავრცელებული ვირუსი შედარებით ნაკლებად მწვავე იყო, მსგავსი დასკვნა გააკეთეს დიდ ბრიტანეთშიც. თუმცა მეორე მხრივ, ანალიტიკოსებს უჭირთ გადამწყვეტი პასუხის თქმა, რადგან ბრიტანეთში აცრილთა რაოდენობა ძალიან მაღალი იყო და შესაძლოა, დაავადების მსუბუქი მიმდინარეობა ამანაც განაპირობა.

კანადაში ჩატარებული ახალი კვლევის თანახმად კი, აუცრელ მოქალაქეებშიც ომიკრონის გართულებების გამო ჰოსპიტალიზაციის საჭიროების ალბათობა 60 %-ით უფრო ნაკლებია, ვიდრე დელტა ვარიანტით ინფიცირებისას.

ჯანდაცვის ექსპერტები ამბობენ, რომ დაავადების შედარებით ნაკლები სიმძიმე მისი სწრაფი გავრცელების პირობებში არც ისე დიდი შეღავათია და სამედიცინო დაწესებულებები კვლავ შეიძლება გადაიტვირთოს. ბიზნესსა და ეკონომიკას კი კვლავ დიდი ზიანი მიადგეს.