„ომიკრონი“ - დღის სიახლეები კორონავირუსის ახალი ვარიანტის შესახებ

WHO Omicron

კორონავირუსის ძლიერ სახეცვლილი ახალი, „შემაშფოთებელი“ ვარიანტი „ომიკრონი“, ქვეყნებს და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს, ახალი ნაბიჯებისკენ უბიძგებს.

თუმცა, შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ამერიკელებს მოიუწოდებს, არ აყვნენ პანიკას. ბაიდენი ამბობს, რომ ქვეყნაში ახალი „ლოქდაუნი“ არ იქნება და ზამთრის განმავლობაში, პანდემიასთან გამკლავების სტრატეგიას, თეთრი სახლი ხუთშაბათს გამოაქვეყნებს.

„ეს ვარიანტი არის შეშფოთების, მაგრამ არა - პანიკის მიზეზი. ჩვენ ვაპირებთ ვიბრძოლოთ და დავამარცხოთ ეს ახალი ვარიანტი“ - აცხადებს პრეზიდენტი.

ასევე ნახეთ: ჯანმო: „ომიკრონი“ ძალიან მაღალ რისკს წარმოადგენს, მსოფლიო უნდა მოემზადოს

ბაიდენი ამბობს, რომ „ომიკრონის“ შეერთებულ შტატებში გამოვლენა გარდაუვალია, თუმცა ამასთან ერთად, თეთრი სახლის სპიკერი, ჯენ საკი აცხადებს, რომ ამერიკელებმა არ უნდა შეცვალონ შვებულების და მოგზაურობის გეგმები, ვიდრე კოვიდ-19-ზე აცრილები აარიან და პირბადეებს ატარებენ.

პრეზიდენტ ბაიდენს სწამს, რომ აშშ-ში დამტკიცებული კოვიდვაქცინები ახალი ვარიანტის წინააღმდეგ მუშაობს. ამასთან ის ამბობს, რომ მისი ადმინისტრაცია ვაქცინების მწარმოებლებთან, როგორიცაა „ფაიზერი“, „მოდერნა“ და „ჯონსონი და ჯონსონი“, მოვლენების განვითარების შესაბამის გეგმაზე მუშაობს.

„იმედია, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ ახალი ვარიანტისთვის, განახლებული ვაქცინები და გამაძლიერებელი დოზები საჭირო არ იქნება, მაგრამ თუ ამის საჭიროება გაჩნდა, დავაჩქარებთ მათ განვითარებას“ - აცხადებს ბაიდენი.

ომიკრონი ევროპაში 11 დღის წინ დაფიქსირდა

„მოდერნას“ აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ წინასწარი მონაცემებით, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები, „ომიკრონის“ წინააღმდეგ იმაზე ნაკლებად ეფექტურია, ვიდრე „დელტა“ ვარიანტის შემთხვევაში იყო.

ევროპის მედიცინის სააგენტოს (EMA) დირექტორმა, ემერ კუკმა, ევროპალამენტს განუცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ახალი ვარიანტი უფრო სწრაფად ვრცელდება, არსებული ვაქცინები მის წინააღმდეგ დაცვას განაგრძობს.

ევროპის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის თავმჯდომარე, ანდრეა ამონი აცხადებს, რომ ევროკავშირის 10 წევრ ქვეყანაში, „ომიკრონი“ 42 შემთხვევაა დაფიქსირებული. მისი თქმით, ინფიცირება ძირითადად მსუბუქ ფორმებში, ან უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა - ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფებში.

ასევე ნახეთ: რას წარმოადგენს სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილი "კოვიდის" ახალი ვარიანტი - უფრო დაწვრილებით

როდის ექნება „მოდერნას“ საბოლოო პასუხი იმის შესახებ, თუ რამდენად ეფექტურია მისი ვაქცინა „ომიკრონის“ წინააღმდეგ - ვაქცინის მწარმოებელს, „როიტერის“ ამ კითხვაზე ამ დრომდე არ უპასუხია.

"რეჯენერონმა" განაცხადა, რომ მისი COVID-19-ის სამკურნალო ანტისხეულების კოქტეილი და სხვა მსგავსი ანტივირუსული თერაპია შეიძლება ნაკლებად ეფექტური აღმოჩნდეს უახლესი ვარიანტის წინააღმდეგ.

„ვაქცინაცია, სავარაუდოდ კვლავ დაგიცავთ ჰოსპიტალიზაციისგან“ - ამბობს ჯონ უერეი, ფილადელფიაში იმუნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი.

დღეს ევროკავშირის მედიკამენტების მარეგულირებელმა განაცხადა, რომ მას შეუძლია დაამტკიცოს ვაქცინები, რომლებიც ადაპტირებული იქნება „ომიკრონთან“. უწყების განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში მას ამის გაკეთება სამიდან ოთხ თვემდე ვადაში შეუძლია.

„მაშინაც კი, თუ ახალი ვარიანტი უფრო ფართოდ გავრცელდება, არსებული ვაქცინები დაცვას კვლავ უზრუნველყოფენ“ - აცხადებს კუკი.

ბრიტანეთი ახალ ზომებს იღებს

„ომიკრონის“ გავრცელების შესაჩერებლად, ბრიტანეთი ახალ ზომებს იღებს, ან აქამდე არსებულ შეზღუდვებს ამკაცრებს. პირბადის გამოყენება კვლავ სავალდებულო ხდება. გარდა ამისა, ყველა საერთაშორისო მგზავრმა, ქვეყანაში ჩასვლიდან მეორე დღის დასასრულს, "პი-სი-არ" ტესტი უნდა გაიკეთოს. ტესტის პასუხამდე კი თვითიზოლაციაში უნდა დარჩეს.

ასევე ნახეთ: ქვეყნები საზღვრებს თანდათან კეტავენ, მიზეზი კორონავირუსის ახალი ვარიანტია

ბრიტანეთში ამ დროისთვის, „ომიკრონის“ 11 შემთხვევა ფიქსირდება. ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზრდება, ამიტომ ახალი ვარიანტის გავლენის ბოლომდე შესწავლამდე, შეზღუდვების დაწესებით დროის მოგებას ცდილობს.

„ეს ნაბიჯები, არა მხოლოდ ახალი ვარიანტის გავრცელების შენელებაში დაგვეხმარება, არამედ, ასევე დაგვეხმარება დავიცვათ ერთმანეთი და ის შედეგი, რაც პანდემიასთან ამდენი ბრძოლის შემდეგ გვაქვს“ - აცხადებს პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი.

ჯონსონის თქმით, ხელისუფლება დაწესებულ შეზღუდვებს სამ კვირაში გადახედავს.

"ომიკრონი" ნიდერლანდებში

ნიდერლანდების ჯანდაცვის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ქვეყანაში „ომიკრონი“ იქამდე დაფიქსირდა, ვიდრე გასულ კვირას, ქვეყანაში სამხრეთ აფრიკიდან ორი სამგზავრო რეისი შესრულდებოდა. არსებობს ეჭვი, რომ ახალი ვარიანტი უკვე ადგილობრივად ვრცელდება.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის მონაცემებით, იოჰანესბურგიდან და კეიპთაუნიდან ჩასულ 14 ადამიანს, კოვიდ-19-ის უახლესი ვარიანტით ინფიცირება დაუდასტურდა.

„19 და 23 ნოემბერს აღებული ტესტებით, „ომიკრონის“ შემთხვევები გამოვლინდა. აქამდე უცნობია, სტუმრობდნენ თუ არა მანამდე ინფიცირებულები სამხრეთ აფრიკას“ - აცხადებენ ოფიციალური პირები.

ამასთან ერთად, სამხრეთ აფრიკული ფრენებიდან, 600 მგზავრიდან 61-ს ინფიცირება დაუდასტურდა.

ხელისუფლება ცდილობს იმ 5000 მგზავრის ტესტირებას და მათი კონტაქტების დადგენას, ვინც ქვეყანაში სამხრეთ აფრიკიდან, ბოტსვანადან, ესვატინიდან, ლესოტოდან, მოზამბიკიდან, ნამიბიიდან და ზიმბაბვედან ჩავიდა.

ასევე ნახეთ: ახალ ვარიანტს "ომიკრონი" დაარქვეს და "შეშფოთების ვარიანტის" კლასიფიკაცია მისცეს