ოლიმპიური განწყობა ლონდონში

მსოფლიოში ზაფხულის ოლიმპიადის მიმართ ინტერესი თანდათან იზრდება. თუმცა, რამდენად უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, ლონდონში არც ისე საზეიმო განწყობა სუფევს. ტრაფალგარის მოედანზე დაყენებულ საათთან, რომელიც უკუთვლით ოლიმპიადამდე დარჩენილ დროს აჩვენებს, რამდენიმე ადამიანი იღებს ფოტოს. მათი უმრავლესობა უცხოელი ტურისტია.

ლონდონელების დიდი ნაწილი ოლიმპიადას საკმოდ ინდიფერენტულად ხვდება, მათ შორის ზოგიერთი ამ ფაქტის მიმართ აგრესიულადაც კი არის განწყობილი.

- “ფულის გადაყრაა, მე თუ მკითხავთ. თანხა რაიმე უფრო მნიშვნელოვანს შეიძლებოდა მოხმარებოდა“.

- „ლონდონი ისედაც ძალიან დატვირთული ქალაქია. წარმოიდგინეთ, რა მოხდება, როცა აქ ოლიმპიადა დაიწყება. ალბათ ქალაქში მოძრაობა შეუძლებელი გახდება“.

- „ის, რაც ოლიმპიადისთვის ხდება, სრულიად გაუგონარია. ოლიმიური ლოგო ხომ წარმოუდგენელი დაცინვაა. ან ეს დანარჩენი სიმბოლოები და სათამაშოები რას გავს? ჯერ არავინ შემხვედრია, ვისაც ისინი მოეწონებოდა“ - ამბობენ ისინი.

ოლიმპიადის სუვენირების ფასი რამდენიმე დოლარიდან იწყება და ასეულ დოლარამდე ადის. მათი შეძენა მხოლოდ ლიცენზირებულ მაღაზიებში შეიძლება, რომლებიც ძირითადად სატრანსპორტო კვანძებზეა განლაგებული. ოლიმპიური ვაჭრობის ცენტრის თავმჯდომარე, საიმონ ლილი ამბობს, რომ ეს ზაფხულის ოლიმპიადის თამაშების სტრატეგიაა:

„უმთავრესი, რაზეც ჩვენ ფოკუსირებას ვახდენთ, ვფიქრობ, არის დისტრიბუციის ხარისხი. ჩვენი ბრენდის სახელი მნიშვნელოვანია და ის განსაზღვრულ ადგილებში, სწორად უნდა იყოს მიწოდებული. ასე რომ, როგორც ხედავთ, შერჩევითი დისტრიბუცია გვაქვს. პროდუქციის რაოდენობასაც ოლიმპიადის გახსნისკენ უფრო გავზრდით,“ - ამბობს ის.

ჯონათან ედვარდსი, ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენელი, ამბობს, რომ ხალხში ენთუზიაზმი რამდენიმე კვირაში გაიზრდება.

როცა ოლიმპიურ ან პარალიმპურ სამყაროში ხარ ჩართული, გგონია, რომ ამის იქით აღარაფერი არსებობს. იმათთვის კი, ვისაც უშუალოდ შეხება არ აქვს, ზაფხულში დაეწყებათ ციებ-ცხელება. განსაკუთრებით მათ, ვინც ოლიმპიურ პარკს ეწვევა“ - აღნიშნავს ბატონი ედვარდსი.

- „ფასს მალე დაივიწყებენ. ატმოსფერო და ახლებური ცხოვრების სტილი თავის საქმეს გააკეთებს“.

- „საბოლოო ჯამში კარგი იქნება. ვიცი, დრო რომ გავა უკან მოვიხედავ და ვიტყვი: იცით, ოლიმპიადაზე ლონდონში ვიყავი“.

სწორედ ასეთ განწყობებზე აქვთ ოლიმპიური კომიტეტის წევრებს გათვლილი და გეგმებსაც შესაბამისად აწყობენ. განწყობები კი ლონდონის ქუჩებში როგორც ხედავთ, საკმაოდ არაერთგვაროვანია.