ოკლაჰომელების სიმტკიცე

როგორ უმკლავდებიან ოკლაჰომას შტატში დატრიალებულ უბედურებას ადგილობრივი მაცხოვრებლები?

Your browser doesn’t support HTML5

ოკლაჰომა

ტოდ მოლდინის სახლი და საბარგო მანქანა მიწასთანაა გასწორებული.

ორმა ტორნადომ ჩამიარა და მესამეს ვეღარ ავცდი“ - ხუმრობს ტოდი.

მსგავსი მხნეობა და ჯანსაღი იუმორი ოკლაჰომელთა დიდ უმრავლესობას ახასიათებს. ალბათ ეს არის მიზეზი, რომ მურის დასახლების უმეტესობა იქ დარჩენას და ქალაქის აღდგენას გეგმავს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ოკლაჰომაში ტრაგედია დატრიალდა. ერთ სულ მოსახლეზე შტატმა ყველაზე მეტი უბედურება გადაიტანა, თან არამარტო ბუნებრივი კატასტროფები.

1995 წლის 19 აპრილს ოკლაჰომა-სითის ერთ-ერთ ფედერალურ შენობასთან ბომბის აფეთქებას 168 ადამიანი შეეწირა. დამნაშავე ტიმოთი მაკვეი მოგვიანებით გაასამართლეს და სიკვდილით დასაჯეს.

დაზარალებულთა დასახმარებლად მაშინ მთელი ოკლაჰომა ერთ მუშტად შეიკრა. დაღუპულებს მონუმენტი დაუდგეს. შენობის ადგილზე მათი ხსოვნის პატივსაცემად დღეს მეტალის სკამები დგას.

ექსკურსიამძღოლი, სიუ გრეგი დამთვალიერებლებს მონუმენტის სიმბოლიკას განუმარტავს.

სულ 168 სკამია. მათ პატივსაცემად თითოეულ სკამზე თითო დაღუპულის სახელი და გვარია ამოტვიფრული“ - ყვება ის.

სიუ აფეთქების მომენტში იქ არ იმყოფებოდა, მაგრამ ის დღე კარგად ახსოვს.

„მაშინ მურის სწორედ იმ სკოლაში ვასწავლიდი, რომელიც ტორნადომ დაანგრია. ბევრ ადამიანს ვიცნობ იქ. ძალიან განვიცადე“ - ამბობს ექსკურსიამძღოლი.

აფეთქებაზე რეაგირება იმდენად სწორი და ორგანიზებული იყო, რომ მას მოგვიანებით „ოკლაჰომური სტანდარტიც“ კი შეარქვეს. ტორნადოთი დაზარალებული ადგილების მონახულებისას ეს ტერმინი პრეზიდენტმა ობამამაც გაიხსენა.

აქაურობას არამარტო აქ დატრიალებული ტრაგედიებით იცნობენ, არამედ იმ ხალხით, რომელიც ამაყი და ძლიერია, რომელთაც ე.წ. „ოკლაჰომური სტანდარტი“ დააწესეს. როგორც გუბერნატორმა აღნიშნა, ეს არის რიგითი ადამიანები, რომელთაც დიდი უბედურებები ძლიერად და ამაყად გამოიარეს“ - განაცხადა პრეზიდენტმა.

ოკლაჰომური სტანდარტი ტორნადოს შემდეგაც თვალნათლივ გამოიკვეთა. მაშველები მოხალისეთა რაოდენობას და მათ მიერ მიტანილ პროდუქციას ვერ აუდიოდნენ. მათ შორის ბაპტისტური ეკლესიის ინტერნი ჯოი დინიც იყო, რომელიც ამბობს, რომ მსგავს საქციელში გასაკვირი არაფერია.

„ნებისმიერ მომენტში, როცა საჭიროება ამას მოითხოვს, ოკლაჰომელები ხელს იკაპიწებენ და დასახმარებლად მიემართებიან. ასეთ დროს სახლში, კომფორტულად ვერ დარჩები. გარეთ უნდა გახვიდე და მეზობელს ხელი გაუმართო - ამბობს ჯოი.

მათი დახმარება მართლაც აუცილებელია. ტორნადოს ერთ-ერთი მსხვერპლის, ბრუკლინ პირსის ოჯახი მოხალისეებს დიდად ემადლიერება.

ოკლაჰომა საცხოვრებლად განუმეორებელი ადგილია. როგორი სისწრაფით მოვარდნენ და რა კარგად დაგვეხმარნენ, ეს წარმოუდგნელია“ - ყვება ბრუკლინი.

სწრაფი და სწორი რეაგირებით თავად შტატის მესვეურებიც გაოცებული არიან. თუმცა, იმასაც ამბობენ, რომ ყოველთვის არის შეცდომები, რომელთა გათვალისწინება სამომავლოდ აუცილებელია.

დრო ყველაფრის მკურნალია. ქალაქი აღდგება და როგორც ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, ისევე, როგორც ბომბის აფეთქების შემდეგ, მათ გულებში ტორნადოს მსხვერპლთა ხსოვნაც სამუდამოდ დარჩება.