ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა მორიგი ტორნადოს მოლოდინშია


ოკლაჰომაში სტიქიით მიყენებულ ზარალს ადგენენ

ორშაბათის დამანგრეველი ტორნადოს შემდეგ, ოკლაჰომას შტატის მოსახლეობის დასახმარებლად ყველაფერი კეთდება. ქარბორბალა, რომელმაც ოკლაჰომას ცენტრალურ ნაწილში ადამიანების სიცოცხლე შეიწირა და მასშტაბური ნგრევა გამოიწვია, 30 კმ-ის სიგრძის მონაკვეთი გაიარა და სიგანეში დაახლოებით 3 კილომეტრი იყო.

ოკლაჰომას შტატის ქალაქი მური ქარბორბალამ ყველაზე მეტად დააზარალა. არის მსხვერპლი და ნგრევა. ოკლაჰომას გუბერნატორმა მერი ფოლინმა სამშაბათს განაცხადა, რომ შტატში აღდგენითი სამუშაოები ჩატარდება.

მერი ფოლინი: ტრაგედიას მსხვერპლი მოჰყვა, თუმცა მოსახლეობამ სიმამაცე და ძალა გამოიჩინა. ჩვენ ამას გავივლით, ამ ტრაგედიას გადავიტანთ, ძალებს აღვიდგენთ და ქალაქს აღვადგენთ.

ქარბორბალამ ბევრი ადამიანი საცხოვრებელი სახლის გარეშე დატოვა, მათ შორის, ქალაქ მურის მცხოვრები კრის პალმერი.

კრის პალმერი: დრო არის საჭირო იმისთვის, რომ აღდგენითი სამუშაოები ჩატარდეს. ხალხს შეიძლება ფილმებში ჰქონდეს ნანახი, მაგრამ როცა რეალურად ხედავ რაც ხდება ეს სხვა განცდაა.

განსაკუთრებულ სიტუაციათა მართვის სააგენტოს წარმომადგენელი კრეიგ ფუგატი ამბობს, რომ სააგენტო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ უსახლკაროდ დარჩენილ ადამიანებს თავშესაფარი ჰქონდეთ. მან გადარჩენილებს მოუწოდა საკუთარი მდგომარეობის შესახებ სააგენტოს ინფორმაცია მიაწოდონ.

კრეიგ ფუგატი: სგავსი სიტუაციების დროს ყველაზე დიდი პრობლემა დაზარალებულთა და დაკარგულთა აღრიცხვაა. ასე რომ, ტორნადოთი დაზარალებულ ტერიტორიაზე მცხოვრებმა ადამიანებმა სააგენტოს უნდა შეატყობინონ, რომ ცოცხლები არიან, რადგან მაშველებმა არ ეძებონ ადამიანები, რომელთა ძებნა არ სჭირდებათ.

ოფიციალურმა პირებმა ადგილობრივ მოსახლეობას და მოხალისეებს თხოვნით მიმართეს ტრაგედიის ადგილის ცენტრალურ გზებს თავი აარიდონ, რათა ამ ადგილების აღდგენა დროულად მოხდეს. მათი განცხადებით, ქარბორბალამდე ეფექტურად იმუშავა განგაშის სისტემამ. ქალაქ მურის დაწყებითი სკოლის მმართველმა სუზან პირსმა განაცხადა, რომ ბევრი ადამიანის გადარჩენა მოხერხდა სკოლებში მოთავსებულ თავშესაფრებში.

სუზან პირსი: ჩვენმა ადმინისტრატორებმა და თანამშრომლებმა, მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა ანტიკრიზისული გეგმა მოქმედებაში სწრაფად მოიყვანეს. მთელი დღის განმავლობაში ვაკვირდებოდით ამინდის ცვლილებას და როდესაც ქარბორბალა მოგვიახლოვდა, ადამიანებმა თავშესაფარს შეაფარეს თავი.

პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ პირობა დადო რომ, აღდგენითი სამუშაოებისთვის ფედერალური დახმარებაც იქნება გათვალისწინებული. თუმცა, მომავალ დღეებში ოკლაჰომა და მეზობელი შტატები კიდევ ელიან ტორნადოებს.
XS
SM
MD
LG