პრეზიდენტი ობამა კონგრესს მიმართავს

სახელმწიფო დეპარტამენტი მეტ დროს მოითხოვს, რათა ირანთან მოლაპარაკებების შედეგიანობა გამოიკვეთოს
პრეზიდენტი ბარაკ ობამა აპირებს უშუალოდ მიმართოს კანონმდებლებს, რათა შეაყოვნონ ირანის წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი ახალი სანქციები იმ პერიოდში, როცა მიმდინარეობს საერთაშორისო მოლაპარაკებები ამ ქვეყნის ბირთვული პროგრამის შეზღუდვის მიზნით.

ბატონი ობამა დღეს, თეთრ სახლში შეხვდება სენატის საბანკო, საგარეო ურთიერთობების, შეიარაღებული ძალების და დაზვერვის კომიტეტების ხელმძღვანელებს.

პრეზიდენტი მათ მიაწვდის უახლეს ინფორმაციას, ჟენევის მოლაპარაკებების შესახებ, რომელიც ირანსა და ექვს სახელმწიფოს შორის მიმდინარეობს და ოთხშაბათს უნდა განახლდეს. პრეზიდენტი ასევე გააგრძელებს მისი ადმინისტრაციის კურსს, რათა გაგრძელდეს დიპლომატიური გზით სვლა.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივანმა ჯენ პსაკიმ ორშაბათს განაცხადა: „ეჭვგარეშეა“ ის, რომ მოქმედმა სანქციებმა განაპირობეს ირანის მოლაპარაკებებში ჩართულობა. მან მეტი დრო მოითხოვა, რათა გამოიკვეთოს მოლაპარაკებების შედეგიანობა.

„ფაქტობრივად ახლა ჩვენ უფრო ახლოს ვართ ირანელებთან შეთანხმების მიღწევასთან პი5 +1 პროცესის მეშვეობით, ვიდრე ოდესმე. არავის უნდა ამის ალტერნატივისკენ სვლა, რაც იქნება გზა აგრესიისკენ, გზა შესაძლო დაპირისპირებისკენ და გზა ომისკენაც კი. ჩვენ გვინდა მივცეთ საშუალება დიპლომატიას, გვინდა მივცეთ პროცესს წარმატების საშუალება.“