პრეზიდენტი სიტყვით ხუთშაბათს თეთრ სახლში გამართულ ექსპორტის საბჭოს შეხვედრაზე გამოვიდა
Your browser doesn’t support HTML5
პრეზიდენტი ობამა ამბობს, რომ მზარდი ექსპორტი ამერიკის ეკონომიკისთვის
ერთ-ერთი გამამხნევებელი ნიშანთაგანია.
„ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე დიდი, ნათელი წერტილი ექსპორტი იყო. ის ფაქტი, რომ წარწერა „დამზადებულია ამერიკაში“რაღაცას ნიშნავს და ქვეყნის საშინაო ეკონომიკას რომ ბიძგს აძლევდა, ასევე მსოფლიოს შეახსენებდა თუ რამდენად კონკურენტუნარიანები ვართ.“
პრეზიდენტმა სიტყვა წარმოთქვა ხუთშაბათს, თეთრ სახლში გამართულ ექსპორტის საბჭოს შეხვედრაზე.
2010 წელს ობამამ ამბიციური მიზანი დაისახა, 2015 წლისთვის გაეორმაგებინა ამერიკული ექსპორტი. მაგრამ დასუსტებულმა მსოფლიო ეკონომიკამ და ამერიკული წარმოების ნელმა ზრდამ ეს მიზანი ძნელად მისაღწევი გახადა.
2009 წლის იანვრიდან, როცა პრეზიდენტმა თანამდებობა დაიკავა, დღემდე ამერიკის ექსპორტი 1.84 ტრილიონიდან 2.2 ტრილიონამდე გაიზარდა.
ობამამ ხაზი გაუსვა ამერიკის ეკონომიკისთვის ექსპორტის მნიშვნელობას.
„გასულ წელს, ექსპორტიდან მიღებულმა ერთმა მილიარდმა დოლარმა შეერთებულ შტატებში 5,000 სამუშაო ადგილი შეგვანარჩუნებინა. ასე, რომ ჩვენ ნამდვილად ვფიქრობთ როგორ გავაგრძელოთ ამ მიმართულებით მოძრაობა.“
პრეზიდენტმა თქვა, რომ ცალკეულ ქვეყნებთან სავაჭრო ხელშეკრულებების მიღწევასთან ერთად, აპირებს ტრანს-წყნარი ოკეანის და ტრანს-ატლანტიკური სავაჭრო პარტნიორობის ხელშეწყობას.
კეროლაინ ატკინსონი, ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილე საერთაშორისო ეკონომიკის დარგში ამბობს, რომ შეერთებულმა შტატებმა ამასთან ერთად უნდა გააგრძელოს მუშაობა პროტექციონიზმის წინააღმდეგ და უფრო სამართლიანი სავაჭრო ხელშეკრულებების მისაღებად.
„ჩვენ შევძელით მრავალმხარიანი სავაჭრო მოლაპარაკებების ტონი უფრო დადებითი გაგვეხადა და ვიმედოვნებთ, რომ ის ასეთად დარჩება. ჩვენ ასევე გავაკეთეთ პოლიტიკური ნების გამომხატველი ძლიერი განცხადებები იმისათვის, რომ მოლაპარაკებების შემდეგი, დეკემბრის რაუნდი ბალიში წარმატებით წარიმართოს.“
ამ კვირის მეტი ნაწილი ბატონმა ობამამ ამერიკის ეკონომიკის ზრდის ფაქტზე ყურადღების გამახვილებაზე დახარჯა, რაც რამდენიმე ბანკის და ფინანსური ფირმის კრახით გამოწვეული ფინანსური კრიზისის დაწყებიდან 5 წლის შემდეგ მოხდა.
რესპუბლიკელებმა შეახსენეს ამომრჩევლებს, რომ ეკონომიკის აღდგენა ნელა მიმდინარეობდა და ის ყველა ამერიკელს არ შეხებია.
პრეზიდენტის ექსპორტის საბჭო მრჩეველთა ჯგუფია, სადაც გაერთიანებული არიან ისეთი კორპორაციების ხელმძღვანელები, როგორებიცაა, „მერკი“, „ქსეროქსი“, ბოინგი“, დოუ ქემიკალ“ და „უოლტ დისნეი“.