დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თეთრ სახლში პრეზიდენტ ბარაკ ობამას ხვდება. ორი ქვეყნის ლიდერი ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავების და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში პარტნიორობის შესახებ ისაუბრებს.
შეერთებული შტატების პრეზიდენტთან შეხვედრაზე ბატონი სააკაშვილი ყურადღებას ამერიკა-საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე და მისი გაღრმავების გზებზე გაამახვილებს.
“ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, მითუმეტეს იმ პოლიტიკურ რეალობაში, რომელშიც ახლა ჩვენ ვიმყოფებით. მხედველობაში მაქვს ჩვენს გარშემო მიმდინარე მოვლენები“ - განუცხადა „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ საქართველოს ელჩმა ამერიკაში, თემურ იაკობაშვილმა.
შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, ჯონ ბასი „რუსთავი ორისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ დღის წესრიგში მთავარი საკითხი უსაფრთხოების გამოწვევების დაძლევა იქნება. „პრეზიდენტები განიხილავენ იმ მიმდინარე რეფორმებსაც, რომლებიც მიმართულია იმისკენ, რომ საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა თავად აირჩიონ საკუთარი ქვეყნის მომავალი, ასევე მიაღწიონ მეტ ეკონომიკურ წარმატებას და აირჩიონ ლიდერები მომავალ წელს“ - განაცხადა ბატონმა ბასმა.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი კონგრესის წევრებს, ექსპერტებს და მედიის წარმომადგენლებსაც შეხვდება. სიტყვით გამოვა მსოფლიო ბანკში, ამერიკის მშვიდობის ინსტიტუტში და ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში. „ამერიკის ხმა“ თითოეული ამ ღონისძიების შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას მოგაწვდით.