ბარაკ ობამას წერილი ბიძინა ივანიშვილს

თქვენმა მიღწევებმა პრემიერ-მინისტრის რანგში, ასევე წარმატებულმა არჩევნებმა და ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემამ გააძლიერა საქართველო - ბარაკ ობამა
პრეზიდენტმა ობამამ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს წერილი გაუგზავნა. შეერთებული შტატების ლიდერი გამოხატავს დიდ პატივისცემას იმ როლისადმი, რომელიც ექსპრემიერმა საქართველოში დემოკრატიის გამყარების და ამერიკასთან ურთიერთკავშირის განმტკიცების საქმეში შეასრულა.

„თქვენმა მიღწევებმა პრემიერ-მინისტრის რანგში, ასევე წარმატებულმა არჩევნებმა და ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემამ გააძლიერა საქართველო“ - ნათქვამია წერილში. პრეზიდენტი ობამა მადლობას უხდის ბიძინა ივანიშვილს იმ ძალისხმევისთვის, რომელსაც საქართველო ავღანეთის საერთაშორისო მისიაში ასრულებს. წერილის დასასრულს, უსურვებს რა წარმატებებს მომავალ საქმიანობაში, შეერთებული შტატების ლიდერი კიდევ ერთხელ გამოხატავს საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების, ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.