შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამას მეორე საპრეზიდენტო ვადის დამთავრებამდე 15 თვე რჩება. ის ამბობს, რომ თეთრი სახლის დატოვების შემდეგ აქტიურ ცხოვრებას გაგრძელებს - უზენაესი სასამართლოს წევრობის შესაფერი ტემპერამენტი არ აქვს, თუმცა პროფესიული საკალათბურთო გუნდის მფლობელობაზე ოცნებობდა და უარს არ იტყოდა.
ობამამ ეს კომენტარები ჟურნალ "Gentlemen’s Quarterly"-სთვის მიცემული ინტერვიუს მსვლელობისას გააკეთა, როცა პრეზიდენტმა ყველაფერზე ისაუბრა, დაწყებული სპორტისადმი მისი სიყვარულით, და თეთრ სახლში გადასვლის შემდეგ მოწეული სიგარეტების რაოდენობით დამთავრებული. მისი თქმით, „ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, მოწეული სიგარეტების რაოდენობა არის ნული.“
სპორტულ კომენტატორ ბილ სიმონსთან ინტერვიუში, რომელიც "Gentlemen’s Quarterly"-ს სამშაბათის ნომერში გამოქვეყნდა, ობამამ თქვა: „ყველაზე მეტად კალათბურთი მიზიდავს, მაგრამ არ მჯერა, რომ ფეხბურთის კომისრის წლიური ხელფასი 44 მილიონია.“
მან თქვა, რომ „აბსოლუტურად“ სურს კალათბურთის ეროვნული ასოციაციის ერთ-ერთი გუნდის თანამფლობელი იყოს. მან ასევე თქვა, რომ შთაგონებას კალათბურთის ასოციაციის კლასიკად ქცეული თამაშების განმეორებითი ჩვენებებიდან იღებს, რომლებშიც "Chicago Bulls"-ის მაიკლ ჯორდანი მონაწილეობდა.
ობამამ, სამართლის ყოფილმა მასწავლებელმა, უზენაეს სასამართლოში სამსახური გამორიცხა და თქვა: „მსურს, კიდევ ცოტა ხანს, უფრო აქტიურ საქმიანობაში ვიყო ჩართული.“