ბარაკ ობამა დღეს რესპუბლიკელებს შეხვდება

კონგრესმა საომარო მოქმედებების დროს დაღუპული ოჯახებისთვის კომპენსაციის გაცემის მუხლი აღადგინა

ოთხშაბათს პრეზიდენტი ბარაკ ობამა თეთრ სახლში წარმომადგენელთა პალატის დემოკრატ წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც ხუთშაბათისთვის რესპუბლიკელებთან საბიუჯეტო კრიზისის საკითხებზე შეხვედრა დაიგეგმა, რომელიც ისევ თეთრ სახლში გაიმართება. ეს იყო იშვიათი გამონაკლისი, როდესაც წარმომადგენელთა პალატამ ერთსულოვნად დაუჭირა მხარი სამხედრო პირის გარდაცვალების შემთხვევაში ოჯახისთვის კომპენსაციის გაცემის აღდგენის საკითხს. ეს გადაწყვეტილება მთავრობის დროებითი დახურვის გამო შეჩერებული იყო. კაპიტოლიუმიდან ამერიკის ხმის კორესპონდენტი სინდი სეინი მოგვითხრობს.


პრეზიდენტ ობამასთან საჯარო დაპირისპირების შემდეგ წარმომადგენელთა პალატის სპიკერი რესპუბლიკელი ჯონ ბეინერი დღეს ბარაკ ობამასთან თეთრ სახლში შესახვედრად მიდის, სადაც მთავრობის დაფინანსების და ვალების გადავადების საკითხზე იმსჯელებენ. თუმცა ამ მოლაპარაკების დაწყებამდე უთანხმოება ისევ გამოიკვეთა. პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ შეხვედრაზე წარმომადგენელთა პალატის ყველა 232-ივე რესპუბლიკელი წარმომადგენელი მიიწვია, თუმცა ბეინერი აცხადებს, რომ თეთრ სახლში მხოლოდ 18 რესპუბლიკელი ლიდერი მივა. როგორც ბეინერის პრეს სპიკერმა განაცხადა, პატარა ჯგუფთან შეხვედრის დროს უფრო არის შეხვედრის წარმატებით დასრულების შანსი.


თეთრმა სახლმა ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარია რომ პრეზიდენტი გულდაწყვეტილია, იმით, რომ ბეინერი რესპუბლიკური პარტიის ლიდერებს თეთრ სახლში მისვლას უშლის. ჯონ ბეინერმა პრეზიდენტთან მოლაპარაკებები მოითხოვა, ხოლო ობამამ განაცხადა, როდესაც მთავრობის დაფინანსების საკითხი გადაწყდება და დავალიანების ლიმიტი გაიზრდება, შეხვედრაც მას მერე შედგება.
ოთხშაბათს პრეზიდენტმა დემოკრატების წარმომადგენლები იმ მიზნით მიიღო, რომ მომავალ ნაბიჯებზე ემსჯელათ.


ოთხშაბათს წარმომადგენელთა პალატამ 425 ხმით არცერთის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა საომარი მოქმედებების დროს დაღუპული პირების ოჯახებისთვის დახმარების აღდგენის საკითხს. ამ თანხების გადარიცხვა სამთავრობო კრიზისის დაწყების გამო იყო შეჩერებული. შეერთებული შტატების ხელისუფლება მეომრის გარდაცვალებიდან სამი დღის ვადაში გარდაცვლილის ოჯახს 100 ათას დოლარს უხდის სამგლოვიარო პროცესიის ხარჯების დასაფარად. ვიდრე სენატი შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებდა, ხელისუფლება თავის დაფინანსებას აღადგენდა და პრეზიდენტი ობამა მას ხელს მოაწერს, ამ საქმეს ხელი მოკიდა კერძო კომპანიამ „ფიშერ ჰაუსმა“. ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ მისი სურვილია დაფინანსება დაუყონებლივ აღდგეს.


რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯოზეფ პიტმა კი პრეზიდენტი ბარაკ ობამა ხარჯების გაწევის შეფერხების ხელშეწყობაში დაადანაშაულა.


ჯოზეფ პიტი: პრეზიდენტი ქვეყნის მთავარსარდალია. ამ პოლიტიკურ ორთაბრძოლაში ის პაიკებად არ უნდა იყენებდეს სამხედროებს და მათ ოჯახებს.


დემოკრატებმა კი წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი წევრები მთავრობის კრიზისის გამომწვევ ქმედებებში დაადანაშაულეს, ვინაიდან მათ პრეზიდენტ ბარაკ ობამას საყოველთაო დაზღვევის პროგრამის იმპლემენტაციის გადავადება სურდათ. დემოკრატი სენატორი შილა ჯექსონ ლი ამ თემაზე კომენტარს აკეთებს.


შილა ჯექსონ ლი: ჩვენ არასოდეს ვეტყვით ჩვენს ოჯახებს არას დაფინანსებაზე, რადგან ვხედავთ თუ როგორ თავგანწირვით იბრძვიან ომებში.


რესპუბლიკელებით დაკომპლექტებულ წარმომადგენელთა პალატაში რამდენიმე სამთავრობო პროგრამის დაფინანსებას დაუჭირეს მხარი, თუმცა სენატი, სადაც უმრავლესობას დემოკრატები წარმოადგენენ წარმომადგენელთა პალატას მოუწოდებს რომ ყოველგვარი წინაპირობების გარეშე პირდაპირი წესით მიიღონ სამთავრობო დავალიანების გადავადების საკითხი.
თეა თუაშვილი ამერიკის ხმა ნიუ იორკი