ამერიკელები პრეზიდენტს აღარ ენდობიან

გასულ ხუთშაბათს პრეზიდენტმა ობამამ აღიარა, რომ ჯანდაცვის რეფორმას პრობლემები შეექმნა

Your browser doesn’t support HTML5

პრეზიდენტმა ობამამ ამერიკელების ნდობა დაკარგა


წარმომადგენელთა პალატამ, სადაც რესპუბლიკელებს უმრავლესობა აქვთ დაამტკიცა კანონი, რომლის მიხედვითაც დაზღვევის გარეშე დარჩენილ ამერიკელებს სადაზღვევო პოლისი ერთი წლით გაუხანგრძლივდებათ. რესპუბლიკელი მარშა ბლეკბურნი ამასთან დაკავშირებით აღნიშნავს:

„ამერიკელები მთელი ქვეყნის მასშტაბით აცხადებენ, რომ მათ პრეზიდენტ ობამას ჯანდაცვის კანონი არ უნდათ.“

ზოგიერთი დემოკრატის აზრით, წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული კანონი კიდევ ერთი მცდელობაა იმის, რომ პრეზიდენტი ობამა და მისი ჯანდაცვის რეფორმა მოსახლეობის თვალში დააკნინონ. დემოკრატ როზა დე ლაუროს აზრით:

„ეს ცინიზმია. აშკარად ჩანს, რომ კანონი პოლიტიკურია. ამიტომაც არ უნდა დავამტკიცოთ იგი.“

თუმცა 39- მა დემოკრატმა კონგრესმენმა რესპუბლიკელ კოლეგებს მხარი დაუჭირა და ჯანდაცვის კანონის შეცვლა მოითხოვა.

ხუთშაბათს პრეზიდენტმა ობამამ აღიარა, რომ ჯანდაცვის რეფორმას პრობლემები შეექმნა:

„ჩვენ დაუშვით შეცდომები და იმედი მაქვს, რომ მალე ყველაფრის გამოსწორებას შევძლებთ.“

ენდრიუ ლეონარდი ერთერთი ამერიკელია, ვინც ჯანდაცვის რეფორმის გამო სადაზღვევო პოლისი დაკარგა. ის ამბობს, რომ ახალი სადაზღვევო პოლისი მას სამჯერ მეტიუჯდება და იგი ბავშვების ჯანმრთელობის ხარჯებსაც ფარავს:

„მე ბავშვები არ მყავს და შესაბამისად შემიძლია, ძველი პოლისი შევინარჩუნო. ვერ ვხვდები, რაში მჭირდება ახალი.“

ჯანდაცვის ვებგვერდის ტექნიკურმა ხარვეზებმა ისედაც პრობლემატურ რეფორმას დამატებითი თავსატეხი გაუჩინა . მილიონობით ამერიკელი დღემდე ამაოდ ცდილობს ჯანდაცვის ვებსაიტზე შევიდეს და სადაზღვევო პოლისი შეიძინოს.

ელინ ბურკემ რამდენიმე საათიანი მცდელობის შემდეგ ჯანდაცვის ვებგვერდზე დარეგისტრირება შეძლო. თუმცა არ არის დარწმუნებული, რომ შარშანდელი პრობლემის განმეორების შემთხვევაში, როდესაც თითი ლამის დაკარგა, უზარმაზარი სამედიცინო ხარჯების დაფარვა არ მოუწევს:

„ამ პოლისით, მსგავსი პრობლემა რომ შემექმნას, საკმაოდ სერიოზულ ფინანსურ ზარალს მივიღებ. ასე რომ ახალი ჯანდაცვის პოლისი უნივერსალური ნამდვილად არ არის.“

ანალიტიკოსი სტუ როტენბერგი ამბობს, რომ ჯანდაცვის რეფორმამ ამერიკელებს პრეზიდენტ ობამას მიმართ ნდობა დაუკარგა. შესაბამისად ეს ყველაფერი მომავალ წლის კონგრესის არჩევნებზე დემოკრატ კანდიდატთა იმიჯზე აისახება:

„დემოკრატი კანდიდატები შეეცდებიან საკუთარი პასუხისმგებლობა ამ რეფორმაზე მოიხსნან და ყველაფერი პრეზიდენტ ობამას გადააბრალონ. იტყვიან, რომ პრეზიდენტმა ისინიც მოატყუა და მოსახლეობას ამ რეფორმის გამოსწორების საკუთარ ვერსიას შესთავაზებენ.“

თუმცა ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ თუ ჯანდაცვის ვებსაიტის ფუნქციონირება გამოსწორდა და მილიონობით ამერიკელმა სადაზღვევო პოლისის ყიდვა შეძლო, საზოგადოებრივი აზრი პრეზიდენტ ობამას მიმართ
დადებითად შეიცვლება.