ჯონ ბრენანი დრონების გამოყენებით ტერორისტების განადგურების სტრატეგიის არქიტექტორად არის მიჩნეული.
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის პოსტზე წარდგენილ ჯონ ბრენანს დამტკიცებამდე სენატორთა მწვავე შეკითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა. როგორც „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი კენტ კლეინი იუწყება, ბრენანი შესაძლო პრეზიდენტის თანაპარტიელთა ზეწოლის ქვეშაც მოყვეს.
დაზვერვის ხელმძღვანელის პოსტზე წარდგენამდე, ჯონ ბრენანი ანტიტერორისტულ საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლად მუშაობდა. ერთერთი მოსალოდნელი შეკითხვა რომელსაც მას დაუსვამენ, იუსტიციის დეპარტამენტის საიდუმლო ცნობას ეხება, სადაც ამერიკელი მოქალაქეების წინააღმდეგ უპილოტო საფრენი აპარატების, იგივე დრონების გამოყენება გამართლებულია. ასევე ბრენანს მოუწევს პასუხი გასცეს, თუ რატომ ხდებოდა საუდის არაბეთის სამხედრო ბაზიდან დრონების გაშვება იემენში ბაზირებული ტერორისტების წინააღმდეგ. რამდენიმე სენატორი აცხადებს, რომ მათ არ აკმაყოფილებთ ადმინისტრაციის პასუხები ბევრ კითხვაზე, რომელიც დრონების გამოყენებას ეხება. მათი თქმით, იუსტიციის დეპარტამენტის მიერ 2011 წელს გამოცემულ დოკუმენტში არ არის ადექვატურად ახსნილი დრონებთან დაკავშირებული პოლიტიკის სამართლებრივი საფუძვლები. ამასთან დაკავშირებით, თერთმეტმა სენატორმა, მათ შორის დემოკრატებმაც, პრეზიდენტს წერილი გაუგზავნეს და უპილოტო საფრენი აპარატების პროგრამის სამართლებრივ მხარესთან დაკავშირებით სთხოვეს განმარტება.
დემოკრატმა სენატორმა რონ ვაიდენმა გუშინ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ „ყველა ამერიკელს აქვს უფლება იცოდეს თუ როდის გადაწყვეტს მთავრობა, რომ მათი მოკვლა ნებადართულია.“
ვაიდენმა განაცხადა, რომ მას კიდევ რამდენიმე შეკითხვა აქვს ბრენანთან. კერძოდ, რა დონის სამხილებია საჭირო, რათა ესა თუ ის ამერიკელი ამა თუ იმ ტერორისტულ ჯგუფთან კავშირში იყოს ბრალდებული და აძლევს თუ არა პრეზიდენტი ჩვეულებრივ ამერიკელებს დანებების შესაძლებლობას.
როგორც ცნობილია, ჯონ ბრენანი თეთრ სახლში დრონების გამოყენებით ტერორისტების განადგურების სტრატეგიის არქიტექტორად არის მიჩნეული. გასულ წლის აპრილში მან განაცხადა, რომ ობამას ადმინისტრაციის მოქმედება არის სამართლიანი, ეთიკური და ბრძნული.
„ძნელად მისადგომ ადგილებში კვლავ არიან ტერორისტები, რომლებიც აქტიურად გეგმავენ ჩვენს წინააღმდეგ თავდასხმებს. შანსის მიცემის შემთხვევაში სიამოვნებით დაგვარტყამდნენ და მოკლავდნენ ჩვენს მოქალაქეებს. პრეზიდნეტს კი აქვს კონსტიტუციური უფლება და ვალდებულება რათა გამოიყენოს თავისი ძალაუფლება ამერიკელი ხალხის დასაცავად,“ - განაცხადა ბრენანმა.
ოთხშაბათს თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯეი კარნიმ აღნიშნა, რომ შეერთებული შტატების მეთოდები ალ-ყაიდას ლიდერთა წინააღმდეგ სამოქალაქო მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად არის ნაკარნახევი.