ამერიკის მთავრობის მუშაობა დილიდან განახლდა

პრეზიდენტ ობამას განცხადებით, ამერიკის ეკონომიკის გარშემო არსებული მოღრუბლულობა გაიფანტა

პრეზიდენტ ობამას განცხადებით, კონგრესში წუხელ მიღებულ საკანონმდებლო აქტში მოგებული მხარე არ არის. თეთრ სახლში დღეს გაკეთებულ განცხადებაში შეერთებული შტატების პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მთავრობის 16-დღიანი ნაწილობრივი დახურვით, ამერიკის ეკონომიკას სრულიად არასაჭირო ზარალი მიადგა. ამერიკელ ხალხს „ვაშინგტონი ყელში აქვს ამოსული“ - ამბობს პრეზიდენტი და დადგა დრო მათი ნდობა უკან დავიბრუნოთ. წუხელ გვიან ღამით მან მადლობა გადაუხადა ორივე პარტიის წარმომადგენლებს გაწეული მუშაობისთვის და სენატის მიერ წარმოდგენილ კომპრომისულ კანონპროექტს მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც მთავრობა მუშაობას სრული დატვირთვით ანახლებს.

მას შემდეგ, რაც ოთხშაბათს საღამოს, სენატის დემოკრატმა და რესპუბლიკელმა ლიდერებმა კანონპროექტის კომპრომისული ვარიანტი წარმოადგინეს, მოვლენები სწრაფად განვითარდა. დეფოლტის საფრთხემდე სულ რამდენიმე საათით ადრე, კანონპროექტი ჯერ სენატმა დაამტკიცა, შემდეგ ის კონგრესშიც ხმის უმრავლესობით მიიღეს. პრეზიდენტ ობამას ხელმოწერის შემდეგ კანონი ძალაში შევიდა. შეთანხმების მიხედვით, 2011 წლის მსგავსად, შეიქმნება საბიუჯეტო სუპერკომიტეტი, რომელიც დეფიციტის შემცირებაზე იმუშავებს და მთავრობას მომავალში ანალოგიურ კრიზისს თავიდან ააცილებს.