„ისტორიული“ ხელშეკრულება აშშ-სა და ავღანეთს შორის

ალ-ყაიდას ლიდერის, ოსამა ბინ ლადენის, დაღუპვა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ავღანეთში ვიზიტით აღნიშნა. ბარაკ ობამამ ქაბულში ავღანელ კოლეგასთან ერთად სტრატეგიულ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი და იქ მომსახურე ამერიკელ ჯარისკაცებს შეხვდა.

პრეზიდენტ ჰამიდ კარზაისთან ხელმოწერილ დოკუმენტს პრეზიდენტმა ობამამ „ისტორიული“ უწოდა, რადგან ის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის სრულიად ახალ ეტაპზე გადასვლას მოასწავებს. შეერთებული შტატების ლიდერი 2014 წელს ავღანეთიდან ჯარების სრული გაყვანის შესახებ დაპირების ერთგული რჩება. სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტში 2014 წლის შემდგომ პერიოდში დაგეგმილ ურთიერთთანამშრომლობაზეც არის საუბარი.

ავღანეთში ამჟამად შეერთებული შტატების 90 ათასი ჯარისკაცი იმყოფება. 2012 წლის სექტემბრამდე ქვეყანას მესამედზე მეტი, 33 ათასი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დატოვებს.