ბრუკლინის დასახლების პრეზიდენტმა ერიკ ადამსმა დემოკრატიული პარტიის ნომინაცია მოიგო და ახლა ის ნიუ-იორკის მერობის რეალური კანდიდატია. პოლიციის ყოფილი კაპიტნის პოლიტიკური პლატფორმა შედარებით ზომიერია, ადამსი ნიუ-იორკელებს ერთდროულად პირდება როგორც კრიმინალთან ბრძოლას, ისე პოლიციაში რასობრივი უსამართლობის აღმოფხვრას.
ასევე ნახეთ: კრიზისში მყოფი ნიუ-იორკი მერის არჩევნებისთვის ემზადებაროგორც ჩანს, ადამსმა მოახერხა არამარტო მემარცხენე, არამედ ცენტრისტი პოლიტიკური მიმართულების ნიუ-იორკელთა ხმების მოპოვება. ფინალურ რბოლაში მან შეძლო ქალაქის დასუფთავების ყოფილი კომისრის კეტრინ გარსიას დამარცხება, რომელსაც საქმიანი, მიზანდასახული ქალის რეპუტაცია აქვს. გამარჯვების შემთხვევაში, რისი შანსიც ახლა საკმაოდ მაღალია, ქალაქ ნიუ-იორკის მოსახლეობის უმეტესად ლიბერალური შეხედულებებიდან გამომდინარე, ადამსი მეგაპოლისის რიგით მეორე შავკანიანი მერი იქნება.
ბრუკლინში ქართული ემიგრაციის დიდი ნაწილი ცხოვრობს და ერიკ ადამსს მათ შესახებ როგორც ჩანს, ბევრი რამ სმენია. 2019 წელს, ის ბრუკლინში დაესწრო ქართულ-ამერიკული მემკვიდრეობის კვირეულის ფარგლებში გამართულ ერთ-ერთ ღონისძიებას, სადაც თქვა, რომ ბრუკლინი ქართველებისთვის თბილისივითაა: „ბრუკლინი ამერიკის თბილისია, სადაც უამრავი ქართველი ცხოვრობს“.
Your browser doesn’t support HTML5