მანჰეტენზე ბროლის ბურთის დაშვების საახალწლო დღესასწაული ჯერჯერობით არ უქმდება

კოვიდ-ვითარების მკვეთრი გაუარესების მიუხედავად, ნიუ-იორკის მერია, ახალი წლის დამდეგს, მანჰეტენზე ტრადიციული ბროლის ბურთის დაშვების ცერემონიის გაუქმებას ჯერ არ გეგმავს. ოთხშაბათს, 9-მილიონიანი მეგაპოლისის მთავრობამ განაცხადა, რომ ინფიცირების მონაცემების და კოვიდ-19-ის ტესტებზე მოთხოვნის ზრდის ფონზე, გაიხსნება ტესტირების ახალი ცენტრები. ამას გარდა, ნიუ-იორკში მაქსიმალურად შეიზღუდება ვიზიტორების დაშვება საავადმყოფოებში, ციხეებში და მერიის დაქვემდებარებაში მყოფ ბევრ სხვა დაწესებულებაში.

ასევე ნახეთ: საფრანგეთი უცხოელებისთვის კოვიდ-შეზღუდვებს ამკაცრებს

ბროლის ბურთის დაშვების ცერემონიას ტრადიციულად ათობით ათასი ადამიანი ესწრება, როგორც ნიუ-იორკელები, ისე მეგაპოლისის სტუმრები. პანდემიური ვითარების გაუარესების და კორონავირუსის ახალი ვარიანტის, ომიკრონის გავრცელების გამო, რამდენიმე მედია-საშუალებამ, მათ შორის "ფოქსმაც" კი, გადაწყვიტა, რომ პირდაპირ ეთერში აღარ გააშუქოს ბროლის ბურთის დაშვების ტრადიციული ცერემონია. რეპორტაჟი, როგორც წესი, მთელი ამერიკის მასშტაბით გადაიცემა.

"ჩატარებას ვარჩევთ, ეს ქალაქისთვის მნიშვნელოვანი ღონისძიებაა" - უთხრა ხუთშაბათს ქალაქის მერმა ბილ დე ბლასიომ ტელეკომპანია "ენ-ბი-სის". მისი თქმით, უსაფრთხოების ზომები რამდენიმე მიმართულებით ტარდება, დამსწრეებმა უნდა წარმოადგინონ კოვიდ-19-ზე ვაქცინაციის მოწმობა. ქალაქის ოფიციალური პირები პანდემიის შესაკავებელ სხვა ზომებსაც განიხილავენ.

ასევე ნახეთ: ფაუჩი ამერიკელებს ხალხმრავალი შეკრებისგან თავშეკავებას ურჩევს, რადგან ეს უსაფრთხო არ არის 

ნიუ-იორკში ახლადინფიცირების საშუალო დღიური მაჩვენებელი 15 ათასამდეა. თუმცა, მეგაპოლისში ამერიკის ბევრ სხვა ქალაქთან შედარებით, მაღალია კოვიდ-19-ზე ვაქცინაციის პროცენტული მონაცემები, რის შედეგადაც ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილობის რაოდენობა, გასულ წელთან ნაკლებია.

ამ ეტაპზე ნიუ-იორკის საავადმყოფოებში 4 452 პაციენტია, წინა კვირასთან შედარებით 18%-ით მეტი. გასულ წელს ამ დროისთვის, საავადმყოფოებში 6 000-ით მეტი პაციენტი იყო. ოთხშაბათს, ნიუ-იორკის რეანიმაციულ განყოფილებებში 54 კოვიდ-პაციენტი იყო, 20-ით მეტი, ვიდრე წინა კვირას, თუმცა ბევრად ნაკლები, ვიდრე გასული წლის გაზაფხულზე, როცა ინტენსიურ თერაპიას 970 პაციენტი გადიოდა.