559 დაღუპული, 4 000-ზე მეტი ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაში - ახალი მონაცემები ნიუ-იორკიდან

Cuomo Holds Coronavirus Briefing

24 საათის განმავლობაში ნიუ-იორკში ახალი კორონავირუსის შედეგად 559 ადამიანი გარდაიცვალა. სულ შტატში დაღუპულია 5758 ადამიანი. ტესტირებით დადასტურებული ინფიცირების ახალი შმთხვევების რაოდენობა 9 000-მდეა. ამ დროისთვის, ნიუ-იორკის შტატში 130 000-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა.

დაინფიცირებულთა შორის, საავადმყოფოებში მკურანლობას გადის 16 837 ადამიანი, რაც 24 საათის განმავლობაში 358 ადამიანით გაიზარდა. რეანიმაციულ განყოფილებაში ამ დრომდე რჩება 4 504 ადამიანი. ბოლო 24 საათში კრიტიკულად მძიმე პაციენტების რაოდენობა 128 ადამიანით გაიზარდა.

რამდენიმე წუთის წინ შტატის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ თქვა, რომ კარგი ამბავია ის, რომ იზრდება იმ ადამიანთა რაოდენობაც რომლებიც გამოჯანმრთელდნენ და საავადმყოფოებიდან გაწერეს. სულ შტატში ამ დროისთვის 13 400-მდე ადამიანი გამოჯანმრთელდა.

რაც შეეხება პანდემიის პიკს, როგორც გუბერნატორი ამბობს, ზუსტად ეს არავინ იცის, რადგან სხვადასხვა მოდელი მონაცემების სხვადასხვა პროგნოზს იძლევა. ამ დროისთვის, სპცეიალისტები ფიქრობენ, რომ პიკური პერიოდი აპრილის ბოლოს დაიწყება და მაისის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება.

არსებობს 7, 14 და 21 დღიანი მოდელები. რაც უფრო გრძელი იქნება პიკური პერიოდი სამედიცინო პერსონალი უფრო მეტი ადამიანის დახმარებას და გადარჩენას შეძლებენ. სწორედ ამიტომ, შტატში პროგრამა "ნიუ-იორკი დაპაუზებულია" ახალ მითითებამდე გახანგძლივდა, რაც გულისხმობს სოციალური დისტანცირების წესების შენარჩუნებას მანამ, სანამ ამის საჭიროება იქნება.

პანდემიასთან ბრძოლაში უკვე აქტიურად ჩაერთო ახალი საავადმყოფოებიც. მათ უკვე მიიღეს ახალი ინფიცირებულები. არ არის გამორიცხული კორონავირუსით დაავადებული ადამიანების მიღება დაიწყოს სამხედრო ხომალდმა U.S. Comfort-მაც. როგორც გუბერნატორი ამბობს, ეს იმ შემთხვევაში მოხდება თუ ამის გარდაუვალი საჭიროება იქნება.

ამ დროისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი კორონავირუსი 350 000-მდე ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 130 000- ზე მეტი ადამიანია დაინფიცირებული ნიუ-იორკის შტატში, ნიუ-ჯერსიში 37 000-ზე მეტი, მიჩიგანში დაინფიცირებულთა რაოდენობამ 15 000-ს გადააჭარბა. ანალოგიური მდგომარეობაა კალიფორნიაში და ლუიზიანაშიც.