შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ჩინეთი და რუსეთი შეთანხმდნენ, რომ ბირთვული იარაღის გავრცელება თავიდან უნდა იქნას აცილებული. ამის შესახებ კრემლის მიერ გამოქვეყნებული ერთობლივი განცხადება საუბრობს, რომელსაც ხელს ხუთი ბირთვული სახელმწიფო აწერს.
ასევე ნახეთ: საქართველო 3+3 ფორმატის შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებსგაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს ეს ხუთი მუდმივი წევრი საკუთარ უმნიშვნელოვანეს პასუხისმგებლობად ბირთვულ სახელმწიფოებს შორის ომის თავიდან აცილებას და სტრატეგიული რისკების შემცირებას მიიჩნევს.
„ჩვენ ვაცხადებთ, რომ ბირთვულ ომში გამარჯვება შეუძლებელია და ის არასოდეს უნდა მოხდეს“, ნათქვამია ინგლისურენოვან განცხადებაში.
ჩინეთისა და საფრანგეთის წარმომადგენლებმა განცხადება საჯაროდ შეაქეს და განაცხადეს, რომ მსგავსი ნაბიჯები ნდობის გამყარებას უწყობს ხელს.
განცხადებას ფონად სდევს რუსეთსა და შეერთებულ შტატებს და ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობები. ნოემბერში პენტაგონმა განაცხადა, რომ ჩინეთი საკუთარ ბირთვულ არსენალს სწრაფად ზრდის და პეკინს შესაძლოა 2027 წლისთვის - 700, 2030 წლისთვის კი 1000 ბირთვული ქობინი ქონდეს.
ასევე ნახეთ: ვენაში ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებები გრძელდებავაშინგტონი დიდი ხანია ჩინეთს რუსეთთან ერთად ბირთვული იარაღის კონტროლის შეთანხმებაში ჩართვას სთხოვს, თუმცა ჩინეთი ამ გარიგებაში მონაწილეობაზე უარს ამბობს.
რუსეთსა და ამერიკას შორის გეოპოლიტიკური ურთიერთობები განსაკუთრებით ბოლო პერიოდში დაიძაბა მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის საზღვართან ახლოს შეიარაღების მობილიზება გაააქტიურა. ამერიკისა და რუსეთის წარმომადგენლები ერთმანეთს 10 იანვარს შეხვდებიან სამხედრო და სტრატეგიული სტაბილურობის შესახებ სასაუბროდ.