ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„მმართველმა პარტიამ ძირი გამოუთხარა მთავრობის ანგარიშვალდებულებას“ - ამერიკის საელჩო


აშშ-ის საელჩო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებისა და საერთო სასამართლოების შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილებების შესახებ განცხადებას ავრცელებს. საელჩო მიიჩნევს, ამ გადაწყვეტილებებით, მმართველმა პარტიამ მთავრობის ანგარიშვალდებულებას ძირი გამოუთხარა.

„გასულ კვირას მმართველმა პარტიამ ძირი გამოუთხარა მთავრობის ანგარიშვალდებულებას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით, რომლის მოვალეობა პოლიციის მხრიდან ძალადობის გამოძიება და მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვაა; ზიანი მიაყენა ცალკეული მოსამართლის დამოუკიდებლობას საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებების განხორციელებით და შეასუსტა ნდობა სასამართლოს მიმართ უზენაესი სასამართლოს კიდევ ერთი მოსამართლის დანიშვნით, რაც შერჩევის ხარვეზიანი პროცესით განხორციელდა. საზოგადოებას არ მიეწოდა სარწმუნო არგუმენტები, თუ რატომ გახდა საჭირო ამ ცვლილებების ნაჩქარევად მიღება, სათანადო კონსულტაციების გარეშე“ - ნათქვამია განცხადებაში.

საელჩო მიიჩნევს, რომ განსაკუთრებით შემაშფოთებელია საკანონმდებლო ცვლილებების პროცესში გამჭვირვალობისა და ანალიზის ნაკლებობა. „განზრახ თუ უნებლიედ, მმართველი პარტიის გზავნილი იყო, რომ ხელისუფლების დამოუკიდებელ ზედამხედველობას ან განსხვავებულ აზრს, კანონით განსაზღვრულსაც კი, პასუხი გაეცემა სამაგიეროს გადახდით, დასჯითა და გათავისუფლებით“ - ნათქვამია განცხადებაში.

საელჩო კიდევ ერთხლ საუბრობს, საქართველოს მიმართ მხარდაჭერაზე და ამბობს, რომ რუსული აგრესიისგან საქართველოს საუკეთესო დაცვა ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები, ასევე კანონის უზენაესობისადმი ერთგულებაა.

„ნაბიჯები, რომლებიც ასუსტებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, როგორიცაა სასამართლო ან დამოუკიდებელი საზედამხედველო უწყებები, აზიანებს საქართველოს მისწრაფებებს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ და ძირს უთხრის ძირითად თავისუფლებებს, რაც ქართული კულტურისა და საზოგადოების საძირკველს წარმოადგენს“ - ნათქვამია განცხადებაში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG