ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სახელმწიფო ინსპექტორი "ოცნების" ინსპექტირების ქვეშ


ლონდა თოლორაია. სახელმწიფო ინსპექტორი
ლონდა თოლორაია. სახელმწიფო ინსპექტორი

„ჩვენ, ვინაიდან ვიყავით ავტორები ამ რეფორმის, ვიცავდით მას და ბოლოს, პარლამენტისა და პრემიერ მინისტრის ხელშეწყობით შევძელით, რომ ქცეულიყო კანონად, რა თქმა უნდა, მივესალმებით მის პრაქტიკაში ამუშავებას“,- ეს სიტყვები წარმოთქვა „ქართული ოცნების“ გუნდის წევრმა, თეა წულუკიანმა, იუსტიციის მინისტრის რანგში 2019 წლის 30 ოქტომბერს, შეაფასა რა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს „ქართული ოცნება“ ახლა აუქმებს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელიც 28 დეკემბერს გაიმართა, ბევრი იხმაურეს. "ყველა" „ოცნების“ წინააღმდეგაა, თუმცა, როგორც "ამერიკის ხმასთან" კომიტეტის სხდომაზე მყოფი ადამიანები ვარაუდობენ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს გაუქმება არ ასცდება. ამგვარი მოლოდინი აქვს იურისტს გოგა ხატიაშვილსაც. ჩვენთან საუბრისას ის ამბობს, რომ „ოცნება“, მართალია, მარტოა ინსტიტუტის გაუქმების საკითხში, მაგრამ ეს არაფერს შეცვლის. „მე, ჩემი მისვლით სხდომაზე და ასევე სხვებსაც, ვინც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების არასერიოზულ მოტივებზე ვსაუბრობთ, გვესმის, რომ „ოცნების“ მხარეს არის ყველა ბერკეტი. მათ აქვთ პარლამენტში ხმების მობილიზების უპირატესობა და ამ ინსტიტუტსაც გააუქმებენ. მაგრამ ყველა ჩვენ, ვინც მივდივართ და ვსაუბრობთ იმის შესახებ, რომ ეს არ უნდა მოხდეს და რომ ეს დემოკრატიის უკანდახევაა, ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ გვინდა ვაჩვენოთ: „ოცნება“ მარტოა. ის ერთადერთია, ვინც ამ არასწორ პოზიციას იზიარებს. სხვა არავინ ეთანხმება მათ, თუმცა ძალა მაინც მის მხარესაა,“- გვეუბნება გოგა ხატიაშვილი.

სახელმწიფო ინსპექტორის განცხადება
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:04 0:00

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნის ინიციატივა ოცნებას ეკუთვნის. მაშინ, როდესაც ოპოზიცია სკეპტიკურად უყურებდა ამგვარი ინსტიტუციის ჩამოყალიბების იდეას, ოცნების მაღალჩინოსნები, მათ შორის მაშინდელი გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე, ამბობდნენ, რომ საჭირო იყო დამოუკიდებლობის მძლავრი გარანტიების მქონე ინსტიტუტის არსებობა და ამიტომაც ქმნიდნენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს.

2018 წლის 31 იანვარს. მაშინდელი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე აცხადებდა, რომ „სხვა საგამოძიებო დანაყოფებისგან განსხვავებით, ამ საგამოძიებო დანაყოფს აქვს ინსტიტუციონალური დამოუკიდებლობის გაცილებით მაღალი ხარისხი, შესაბამისად, მას გააჩნია ყველა საგამოძიებო უფლებამოსილება, რაც სხვა საგამოძოებო უწყებებს აქვთ და გაცილებით მეტი ინსტიტუციური დამოუკიდებლობის გარანტიები.“

ახლა კი დიპლომატიურ კორპუსს, ფაქტობრივად ხვეწნა-მუდარა უწევს იმისთვის, რომ დამოუკიდებელი ინსტიტუციები საქართველოში შენარჩუნდეს. აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ორი დღეა ვიზიტებს ახორციელებს იმისთვის, რომ ერთის მხრივ, ინსპექტორის სამსახურისადმი მხარდაჭერა გამოხატოს და მეორეს მხრივ, მის გაუქმებას შეუშალოს ხელი. ის მიმართავს პარლამენტს, რომ შეანელოს და შეაჩეროს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების პროცესი. 27 დეკემბერს კელი დეგნანი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში იმყოფებოდა, 28 დეკემბერს კი პარლამენტში, სადაც არა პარლამენტის თავმჯდომარესთან იყო მისი შეხვედრა, არამედ კომიტეტების თავმჯდომარეებთან.

„ჩვენ ვაფასებთ შესაძლებლობას, შევხვედროდით კომიტეტის თავმჯდომარეებს და გამოგვეხატა შეშფოთება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის კანონპროექტზე და იმ მუხლებზე, რაც ითვალისწინებს აქ მომუშავე ადამიანების განთავისუფლებას. ვისაუბრეთ იმ საკითხზე, რომ საჭიროა ამის პროფესიონალურად გაკეთება. ასევე, გვქონდა შესაძლებლობა გვესაუბრა კანონმდებლობაზე, რომელიც შეცვლის დისციპლინურ პროცესს მართლმსაჯულების სისტემაში, მოსამართლეებისთვის, ასევე, სხვა შესწორებებზეც. გამოვთქვით შეშფოთება, რომ ეს არის ინკლუზიური საკონსულტაციო პროცესის გარეშე მიღებული გადაწყვეტილება, რომელშიც არ მიუღიათ მონაწილეობა დაინტერესებულ მხარეებს,“- განაცხადა კელი დეგნანმა.

ელჩთან შეხვედრის შემდეგ, დიპლომატიური ტონით გაჯერებული კომენტარი ჟურნალისტებთან პარლამენტის წევრმა „ქართული ოცნებიდან“, ანრი ოხანაშვილმა გააკეთა. მან ხაზი გაუსვა, რომ ელჩთან შეხვედრა კომიტეტის სხდომის დაწყებამდე უზრუნველყვეს. „ჩვენ სტრატეგიული პარტნიორის პოზიციას ყოველთვის ვისმენთ, ვცვლით პოზიციებს და ვმსჯელობთ. სწორედ ამის დასტურია ის, რომ ჩვენ კომიტეტის სხდომის დაწყებამდე შევხვდით ქალბატონ ელჩს და მივაწოდეთ ინფორმაცია მთელი რიგი საკითხების შესახებ. იყო საკმაოდ ნაყოფიერი და ინტენსიური მსჯელობა და პოზიციების გაცვლა. დეტალებთან დაკავშირებით ყურადღებას არ გავამახვილებ. რა თქმა უნდა, პარლამენტი იმოქმედებს საპარლამენტო სუვერენიტეტის შესაბამისად,“- ამბობს ანრი ოხანაშვილი.

„მოვუწოდებთ უკან წაიღონ ინსპექტორის სამსახურის გაუქმების ინიციატივა და უზრუნველყონ ადამიანის უფლებათა ეროვნული მექანიზმების დამოუკიდებლობა. მას მთავარი როლი აქვს წამების პრევენციასა და კონფიდენციალურობის დაცვაში“,- ამის შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი ტვიტერზე გამოქვეყნებულ მესიჯში საუბრობს.

პარლამენტის მიერ მომზადებულ კანონის პროექტს, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას ითვალისწინებს, ბრიფინგი სახალხო დამცველმაც მიუძღვნა 27 დეკემბერს. „პროექტი მომზადებულია გაუმჭვირვალედ და დაინტერესებულ მხარეებთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე. მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციასთან, ადამიანის უფლებებთან, არის დისკრიმინაციული და მიზნად ისახავს დამოუკიდებელი ინსტიტუტის საქმიანობაში ჩარევას,“- განაცხადა ნინო ლომჯარიამ, ომბუდსმენმა.

გოგა ხატიაშვილი, იურისტი, რომელსაც აქვს როგორც უფლებადამცველ ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება, ისე საჯარო სამსახურში, 28 დეკემბერს პარლამენტში კომიტეტის სხდომას ესწრებოდა. "ამერიკის ხმასთან" მან განაცხადა, რომ მმართველი გუნდი ომბუდსმენის ინსტიტუტსაც შეუტევდა, მას რომ კონსტიტუცია არ იცავდეს. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას ის ანგარიშსწორებას არქმევს იმ საქმეებზე რეაგირების გამო, რაც „ქართული ოცნებისთვის“ „სასიამოვნო“ არაა.

„ამათ არ აინტერესებთ ინსტიტუტების მუშაობა, აინტერესებთ ის, რომ ნაკლები წინაღობები შეხვდეთ თავისი საქმიანობის პროცესში. დაგროვდა რიგი საკითხები, ეს იყო ლუკა სირაძის, იუსტიციის მინისტრის საქმე (მაშინ ქალბატონი თეა წულუკიანი იკავებდა ამ პოზიციას), როდესაც პარლამენტში, ერთ-ერთი კომიტეტის სხდომაზე გამოაქვეყნა ვედეო ჩანაწერები, რაზეც დარღვევა დაადგინა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა. შემდეგ იყო სააკაშვილთან დაკავშირებული პროცესები, როდესაც მისი კადრების გამოქვეყნების გამო იუსტიციის სამინისტრო დაჯარიმდა. შემთხვევითი არაა, რომ იუსტიციის სამინისტრომ და პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჩივრეს ეს სასამართლოში. გასაჩივრებაში პრობლემა არაა, ესაა სამართლებრივი გზა, რომელიც ყველამ შეიძლება გამოიყენოს, უბრალოდ საეჭვოდ ემთხვევა ეს პროცესები. თითქოს, ესაა ერთიანი შეტევა დამოუკიდებელ ინსტიტუტზე. ბოლო გახმაურებული საქმე, რომელიც ამჟამად აქვს წარმოებაში სახელმწიფო ინსპექტორს - სააკაშვილის საქმეა. მასზე ჯერ კიდევ მიმდინარეობს გამოძიება“,- გვითვლის გოგა ხატიაშვილი სახელმწიფო ინსპექტორის ნამუშევრებს.

2019 წლის ნოემბრიდან ამ დრომდე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა 11 პირის მიმართ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა. „ყველაზე თვალსაჩინო ილუსტრაცია იმისა, რომ ამ უწყებას დაბრკოლებები ექმნება პრაქტიკაში, მისი საქმიანობის შედეგებია. მიმდინარე წელს ინსპექტორმა 5 წინადადება გაგზავნა პროკურატურაში, რომლის შესახებაც თქვა, რომ ამოწურა გამოძიება. მიიღეს შედეგები და უნდა დაეწყო მათზე სისხლის სამართლებრივი დევნა პროკურატურას. საუბარია კონკრეტულ მოხელეებზე, ვინც უნდა მიცემულიყვნენ პასუხისგებაში, რადგან დანაშაულის ნიშნები იკვეთება. ეს საქმეები, უბრალოდ თაროზე შემოდეს. ამ პირობებში რეფორმა ვის სჭირდება? ინსპექტორის სამსახურს, თუ იმ ორგანოს, რომელიც სრულიად უგულვებელყოფს ამ გამოძიებულ საქმეებზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებას?“- გვეუბნება გოგა ხატიაშვილი.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონის პროექტი 29 დეკემბერს უკვე სესიაზე გადის. მის თანახმად, ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად ორი უწყება შეიქმნება - სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურები. პარლამენტის წევრები „ქართული ოცნებიდან“ 28 დეკემბერს კომიტეტის სხდომაზე აცხადებდნენ, რომ კვალიფიციური თანამშრომლები ინსპექტორის სამსახურიდან სამუშაო ადგილებს შეინარჩუნებენ და შეიძლება, დაწინაურდნენ კიდეც. თუმცა თავად სამსახურის ხელმძღვანელის, ლონდა თოლორაიასთვის, ვისაც უწყებას დეკრეტულ შვებულებაში ყოფნისას უუქმებენ, ასე ღიად არაფერი შეუთავაზებიათ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG