ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს დირექტორი, რომელიც ამავე დროს ქვეყნის კიბერ-უსაფრთხოებაზეცაა პასუხისმგებელი, ამბობს, რომ პრეზიდენტისგან 2018 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევის აღსაკვეთად კონკრეტული მითითებები არ მიუღია.
„მე არ მიმიღია კონკრეტული მითითებები იმის შესახებ, თუ რა დამატებითი ნაბიჯები უნდა გადავდგა“, - უთხრა ადმირალმა მაიკ როჯერსმა კანონმდებლებს. მან ასევე დასძინა, რომ ის ცდილობდა მიეღო პროაქტიული გადაწყვეტილებები, თუმცა ამ მიმართულებით მისთვის სხვა უფლებამოსილებები არ მიუნიჭებიათ.
როჯერსის აზრით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს აქვს საფუძველი იფიქროს, რომ ამერიკის არჩევნებში ჩარევა „ძვირად არ დაუჯდება“ და ამიტომ ის განაგრძობს ამგვარ ქმედებებს. „აშკარაა, რომ რაც გავაკეთეთ, საკმარისი არ არის“, - თქვა ადმირალმა.
ამ განცხადებიდან რამდენიმე საათის შემდეგ თეთრი სახლის პრეს-მდივანმა სარა ჰაკაბი სანდერსმა თქვა, რომ პრეზიდენტი არჩევნებში რუსეთის ჩარევის თვაიდან ასაცილებელ "გზებს ეძებს", თუმცასანდერსს დეტალები არ დაუკონკრეტებია.
„ჩვენ ვდგამთ არაერთ ნაბიჯს იმისთვის, რომ ეს თავიდან ავიცილოთ“, - თქვა სანდერსმა.
როჯერსი ამერიკის დაზვერვის სამსახურების უკვე მეორე მაღალჩინოსანია, რომელიც ამბობს, რომ პრეზიდენტს კონკრეტული მითითებები არ გაუცია იმისთვის, რომ სხვადასხვა ღონისძიება ამოქმედდეს 2018 წლის ნოემბერში დაგეგმილი შუალედური არჩევნების „დასაცავად“.
ნოემბერში სენატის წევრების ერთ მესამედს და წარმომადგენელთა პალატის 435 წევრს აირჩევენ. ამერიკული დაზვერვის სამსახურები კი ამტკიცებენ, რომ რუსეთის ხელისუფლება გეგმავს ამ არჩევნებზეც ისევე მოახდინოს გავლენა, როგორც ეს 2016 წლის შემოდგომაზე მოხდა.
დაზვერვის სამსახურებმა დაახლოებით ერთი წლის წინ დაასკვნეს, რომ ვლადიმირ პუტინი პირადად ხელმძღვანელობდა 2016 წლის არჩევნებზე გავლენის მოსახდენად დაგეგმილ კამპანიასა. კამპანიის "სასურველი მიზანი" კი არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება იყო.
სპეციალური გამოძიება ცდილობს დაადგინოს, ჰქონდათ თუ არა რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან კავშირი ტრამპის წინასაარჩევნო გუნდის წევრებს. თუმცა ამ დრომდე ამერიკის არც ერთი მოქალაქის უშუალო ბრალეულობა დადგენილი არ არის, პრეზიდენტი ტრამპი კი რამდენიმე მიმართულებით მიმდინარე გამოძიებას გამუდმებით "კუდიანებზე ნადირობას" უწოდებს.
ამ დრომდე სპეციალურმა გამომძიებელმა მალერმა ამერიკის არჩევნებში ჩარევაში ბრალი რუსეთის 13 მოქალაქეს წაუყენა.