ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პრეზიდენტ ბარაკ ობამას დასდო ბრალი 2016 წლის ამერიკის არჩევნებში რუსეთის ჩარევასთან არასწორად გამკლავების გამო.
„ობამას 2016 წლის არჩევნებამდე და მას შემდეგაც პრეზიდენტის პოსტი ეკავა. რატომ არ გააკეთა არაფერი რუსეთის ჩარევასთან დაკავშირებით?“, - განაცხადა ტრამპმა სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“.
2016 წლის დეკემბერში, პრეზიდენტმა ობამამ რუსეთის 9 მოქალაქის წინააღმდეგ სანქციები მიიღო არჩევნებში ჩარევის და ამერიკის დიპლომატებზე თავდასხმების გამო. ობამამ, ასევე, რუსეთის 25 დიპლომატი გააძევა ქვეყნიდან და რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი ორი დაწესებულება დახურა, რომელსაც რუსების სადაზვერვო სამსახურები იყენებდნენ.
ორშაბათს, კრემლმა კიდევ ერთხელ უარყო ამერიკის არჩევნებში ჩარევა. პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა რეპორტიორებს განუცხადა, რომ ბრალდებები უსაფუძვლოა. კომენტარი კრემლმა მას შემდეგ გააკეთა, რაც სპეციალურმა გამომძიებელმა, რობერტ მალერმა რუსეთის 13 მოქალაქეს ბრალი წარუდგინა ამერიკის არჩევნებში ჩარევის და „საინფორმაციო ომის“ წარმართვისთვის.
Facebook Forum