ამერიკული სანქციების პარალელურად ჩრ. კორეა რაკეტების გამოცდას განაგრძობს

2022 წლის პირველ ორ კვირაში ჩრდილოეთ კორეამ უკვე მესამედ გამოსცადა ბალისტიკური რაკეტები. სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის ინფორმაციით რაკეტების გაშვება 14 იანვარს გამთენიისას ფხენიანიდან მოხდა. სპეციალისტები ამბობენ, რომ ჩრდილოეთ კორეამ სულ მცირე, ორი რაკეტა გაუშვა.

იაპონიის სანაპირო დაცვის მონაცემების მიხედვით, ფხენიანის მიერ გაშვებული რაკეტები იაპონიის ეკონომიკური ზონის მახლობლად ჩამოვარდა.

სპეციალისტების აზრით, ამჯერად ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტები გამოსცადა. სამხრეთ კორეის მონაცემებით პირველი ორი გამოცდის დროს ჩრდილოეთ კორეამ ჰიპერბგერითი რაკეტები გაუშვა.

Your browser doesn’t support HTML5

ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტები გამოსცადა

ოფიციალური ვაშინგტონი ამბობს, რომ ჩრდილოეთ კორეის რაკეტების გამოცდა, ამერიკის უსაფრთხოებას ვერ უქმნის საფრთხეს, თუმცა ის წარმოადგენს დესტაბილიზაციის საფრთხეს ზოგადად რეგიონში.

სწორედ ამიტომ, პირველი ორი შემთხვევის შემდეგ ვაშინგტონმა ფხენიანს ახალი სანქციები დაუწესა. ამერიკა ჩრდილოეთ კორეის ქმედებებს პროვოკაციად აფასებს. დაწესებული სანქციების შემდეგ ფხენიანმა ახალი რაკეტები დღეს ისევ გამოსცადა.

როგორი იქნება ვაშინგტონის პოზიცია და გამკაცრდება თუ არა სანქციები, უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.