ჩრდილოეთ კაროლინის გუბერნატორი როი კუპერი ამბობს, რომ ქარიშხლის შემდგომი წყალდიდობა შტატის მოსახლეობის ნაწილს სასიცოცხლო საფრთხეს უქმნის. ტროპიკული ქარიშხლის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, ათასობით ადამიანი უსახლკაროდაა დარჩენილი, 700 000-მდე სახლს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
"ჩრდილოეთ კაროლინის რომელ ნაწილშიც უნდა ცხოვრობდეთ, მზად იყავით დატბორვისთვის. მიაქციეთ ყურადღება ამინდის პროგნოზსა და სპეციალურ გაფრთხილებებს, მზად იყავით ევაკუაციისთვის, თუ ამის საჭიროება იქნება", - ამბობს გუბერნატორი.
ქარიშხლის ძალა შესუსტდა, თუმცა შტატის ზოგიერთ ნაწილში ძლიერი წვიმა გრძელდება. უახლოეს დღეებში შტორმი სამხრეთით გადაინაცვლებს.
თეთრი სახლის ცნობით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაზარალებულ შტატს უახლოეს დღეებში მოინახულებს, თუმცა მხოლოდ მაშინ, როდესაც ზუსტად იქნება ცნობილი, რომ მისი ვიზიტი სამაშველო სამუშაოებს არ შეაფერხებს.