სკანდინავიური ქვეყნები "მტკიცედ დგანან" პარიზის ოლიმპიადაზე რუს და ბელარუს სპორტსმენებთან დაპირისპირებაში

ხუთი სკანდინავიური ქვეყნის ოლიმპიურმა კომიტეტმა, კიდევ ერთხელ გამოხატა წინააღმდეგობა რუსი და ბელარუსი სპორტსმენებისთვის 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით.

ქვეყნებმა 7 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში განაცხადეს, რომ უკრაინაში სიტუაცია არ შეცვლილა. „აქედან გამომდინარე, ჩვენ მტკიცედ ვდგავართ ჩვენს პოზიციაზე, არ მივცეთ რუს და ბელარუს სპორტსმენებსა და ოფიციალურ პირებს მონაწილეობის უფლება“, - ნათქვამია განცხადებაში. „ახლა არ არის შესაფერისი დრო მათი დაბრუნების განხილვისთვის; ეს არის ჩვენი პოზიცია“,- ვკითხულობთ ერთობლივ განცხადებაში.

ასევე ნახეთ: ევროკავშირმა ზელენსკი ბრიუსელში მიიწვია

დანიის, ისლანდიის, ფინეთის, ნორვეგიის, შვედეთისა და გრენლანდიის, ფარერის კუნძულების და ალანდის სპორტული კონფედერაციების ოლიმპიურმა და პარაოლიმპიურმა კომიტეტებმა, განცხადება 3 თებერვალს შეხვედრის შემდეგ გაავრცელეს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ კომიტეტებმა ასევე დაადასტურა უკრაინელი ხალხისადმი ურყევი მხარდაჭერა და უკრაინაში მშვიდობის მოთხოვნა.

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) გასულ თვეს განაცხადა, რომ ეძებდა "გზებს", რომელიც საშუალებას მისცემდა რუს და ბელარუს სპორტსმენებს მონაწილეობა მიიღონ პარიზის ოლიმპიადაში. უკრაინამ საპასუხოდ განაცხადა, რომ ამ შემთხვევაში პარიზის თამაშების ბოიკოტს განიხილავს.