უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირის ლიდერების სამიტზეა მიწვეული. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, ამის შესახებ „ტვიტერზე“ დაწერა. მისი თქმით, ზელენსკი “მომავალ სამიტზე პირადად მონაწილეობის მისაღებად“ არის მიწვეული.
ევროპული საბჭოს სპიკერმა, ბარენდ ლეიტსმა არ დააკონკრეტა როდისთვის მიიწვიეს ზელენსკი ბრიუსელში ჩასასვლელად “უსაფრთხოების მიზეზების გამო“.
ევროკავშირის შემდეგი სამიტი მიმდინარე კვირის ხუთშაბათს და პარასკევს ბრიუსელში გაიმართება.
მანამდე, რამდენიმე მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზელენსკი შესაძლოა სამიტს დაესწროს და ასვე შესაძლოა ევროპარლამენტის სესიაზეც გამოვიდეს სიტყვით.
ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა უარი თქვეს ამ ცნობებზე კომენტარის გაკეთებაზე. ზოგიერთმა აღნიშნა, რომ თუ ასეთი ვიზიტის შესახებ ინფორმაციამ წინასწარ გაჟონა, ამან შესაძლოა მას საფრთხე შეუქმნას.
ზელენსკის ადმინისტრაციას ამ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუეკთებია.
თუ ზელენსკი ბრიუსელში ჩავა, ეს იქნება მისი მხოლოდ მეორე მგზავრობა უკრაინის საზღვრებს გარეთ მას შემდეგ, რაც რუსეთმა 24 თებერვალს უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
დეკემბერში ზელენსკი პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შესახვედრად და აშშ-ის კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსასვლელად ვაშინგტონში ჩავიდა.