ფხენიანის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება ბოლო დროს შექმნილი დაძაბულობის განეიტრალებაში დიდ როლს არ ითამაშებს - აცხადებენ ჩინეთი და რუსეთი, ჩრდილოეთ კორეის მთავარი სტრატეგიული პარტნიორები.
ჩინეთში, ე.წ. ბრიკის (BRIC - Brazil, Russia, India, China) ქვეყნების შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობენ ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი და ჩინეთი, ამ თემაზე ისაუბრა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა. მან დაგმო ჩრდილოეთ კორეის მიერ ჩატარებული ბოლო სარაკეტო გამოცდები, თუმცა ისიც თქვა, რომ ამის გამო ატეხილი მზარდი “სამხედრო ისტერია” მხოლოდ “გლობალური კატასტროფის” მომტანია. პუტინმა ვაშინგტონის გადაწყვეტილებას ფხენიანის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების შესახებ “უაზრო და არაეფექტური” უწოდა.
ორშაბათს, 40-წუთიანი სატელეფონო საუბრის შემდეგ, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამხრეთ კორეელ კოლეგასთან ერთად, გადაწყვიტა გაეროს ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციების კიდევ უფრო მეტად გამკაცრების მოთხოვნით მიმართოს. თეთრი სახლის განცხადებით, ვაშინგტონი და სეული თითქმის ყველა მთავარ საკითხზე შეთანხმდნენ.