აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კვირას განაცხადა, რომ განიხილავს სავაჭრო ურთიერთობების შეწყვეტას ყველა იმ ქვეყანასთან, რომლებიც ბიზნესს აწარმოებენ ფხენიანთან. ეს განცხადება პრეზიდენტმა გააკეთა მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ კორეის რეჟიმმა კვირა დილას ბირთვული გამოცდა ჩაატარა. ტრამპს ასევე არ გამოურიცხავს საპასუხო დარტყმა ჩრდილოეთ კორეის წინაააღმდეგ.
პრეზიდენტი მოგვიანებით თავდაცვის მდივანს, თეთრი სახლის აპარატის უფროსს და სხვა სამხედრო ლიდერებს ესაუბრა. თავდაცვის მდივანმა შეხვედრის შემდეგ თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ-ის ყველანაირი ძალა შესწევს საკუთარი თავის და მოკავშირეების დასაცავად. მისი მტკიცებით, "ნებისმიერ საფრთხეს ფხენიანის მხრიდან აშშ მასიური სამხედრო თავდასხმით უპასუხებს, მაგრამ ჩვენ არ გვსურს მიწასთან გავასწოროთ ჩრდილოეთ კორეა".