სამმა მეცნიერმა - დევიდ ბეიკერმა, დემის ჰასაბისმა და ჯონ ჯამპერმა - ქიმიის დარგში 2024 წლის ნობელის პრემია მოიპოვა. განცხადება ნობელის კომიტეტმა შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში დღეს, 9 ოქტომბერს გააკეთა.
პრესტიჟული პრემია მეცნიერებს ცილების სტრუქტურაზე მუშაობის დროს მიღწეული შედეგისთვის გადაეცემათ. აღმოჩენებიდან ერთი, რომელიც ნობელის კომიტეტმა წელს გამოარჩია, ეხება "ცილების მომხიბლავ მშენებლობას, მეორე კი 50-წლიანი ოცნების ასრულებაა. ეს არის ცილების სტრუქტურის პროგნოზირება მათი ამინომჟავების თანმიმდევრულობის მიხედვით", - ნათქვამია აკადემიის მიერ გაკეთებულ განცხადებაში.
ასევე ნახეთ: ნობელის პრემია მედიცინაში მიკრო რნმ-ის აღმოჩენისთვის, ორ ამერიკელს გადაეცემანობელის პრემიას თან ახლავს ფულადი ჯილდო, რომლის რაოდენობა 1.1 მილიონი დოლარია. გამარჯვებულებს პრიზს - ოქროს მედალს 10 დეკემბერს, საზეიმო ცერემონიაზე გადასცემენ, რის შემდეგაც გაიმართება საზეიმო მიღება. პრემია მისი დამფუძნებლის, შვედი გამომგონებლის, ალფრედ ნობელის სახელით დამკვიდრდა და სამეცნიერო, ეკონომიკისა და ლიტერატურის სფეროებში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოდ ითვლება.
ტრადიციულად, ნობელის პრემიის ლაურეატთა გამოცხადება ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში გამარჯვებულით იწყება. წელს პირველი ნობელიანტების ვინაობა 7 ოქტომბერს გახდა ცნობილი, შემდეგ, 8 ოქტომბერს გამოცხადდა ფიზიკის დარგში გამარჯვებული. დღეს, ქიმიაში გამარჯვებულთა ვინაობის გამოცხადების შემდეგ, სულ 3 კატეგორია რჩება.10 ოქტომბერს გახდება ცნობილი, თუ ვინ გახდა ნობელის ლაურეატი ლიტერატურაში, 11 ოქტომბერს - მშვიდობის დარგში და ბოლოს, 14 ოქტომბერს - ეკონომიკაში.