ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნობელის პრემია მედიცინაში მიკრო რნმ-ის აღმოჩენისთვის, ორ ამერიკელს გადაეცემა


ნობელის კომიტეტის გენერალური მდივანი თომას პერლმანი აცხადებს გამარჯვებულებს მედიცინისა და ფიზიოლოგიის დარგში. სტოკჰოლმი, შვედეთი. 7 ოქტომბერი, 2024 წ.
ნობელის კომიტეტის გენერალური მდივანი თომას პერლმანი აცხადებს გამარჯვებულებს მედიცინისა და ფიზიოლოგიის დარგში. სტოკჰოლმი, შვედეთი. 7 ოქტომბერი, 2024 წ.

ორ ამერიკელ მეცნიერს, რომლებიც მასაჩუსეტსის უნივერსიტეტში მუშაობენ, ნობელის პრემია გადაეცემა. შვედეთის ნობელის კომიტეტმა გადაწყვეტილების შესახებ განცხადება 7 ოქტომბერს გააკეთა.

გამარჯვებულები ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში, ვიქტორ ამბროსი და გარი რავკანი არიან. მათ ნობელის პრემია მიკრო რიბონუკლეინმჟავის (რნმ) აღმოჩენისთვის მიენიჭათ. ეს ერთგვარი გენეტიკური მასალაა, რომელიც გავლენას ბევრი გენის მუშაობაზე მოლეკულურ დონეზე ახდენს. ვიქტორ ამბროსი ჰარვარდის უნივერსიტეტში მუშაობდა, როცა აღნიშნული აღმოჩენა გააკეთა.

ამერიკელი მეცნიერების აღმოჩენა საფუძველს უყრის კიბოსთან და უამრავ სხვა დაავადებასთან ბრძოლაში მკურნალობის ახალი მეთოდების შექმნას. ნობელის კომიტეტის განცხადებით, მათი აღმოჩენა "ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია" ორგანიზმის განვითარებისა და ფუნქციონირების პროცესის გაგებისთვის.

ნობელის პრემიას თან ახლავს ფულადი ჯილდო, რომლის რაოდენობა მილიონი დოლარითაა განსაზღვრული. გამარჯვებულებს პრიზს 10 დეკემბერს, საზეიმო ცერემონიაზე გადასცემენ. პრემია მისი დამფუძნებლის, შვედი გამომგონებლის, ალფრედ ნობელის სახელს ატარებს და სამეცნიერო, ეკონომიკის და ლიტერატურის სფეროებში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოდ ითვლება.

ტრადიციულად, ნობელის პრემიის ლაურეატთა გამოცხადება ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში გამარჯვებულით იწყება. ხვალ, 8 ოქტომბერს გამოცხადება ფიზიკის დარგში გამარჯვებული, 9 ოქტომბერს - ქიმიაში, 10 ოქტომბერს - ლიტერატურაში, 11 ოქტომბერს - მშვიდობის დარგში და ბოლოს, 14 ოქტომბერს - ეკონომიკაში.

XS
SM
MD
LG