რუსეთის ოპოზიცია ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პესიმისტურ პროგნოზებს აკეთებს. ციხეში მყოფი ნავალნი შიმშილობას აგრძელებს, მისი თანამებრძოლები კი ნავალნის ჯანმრთელობის გაუმჯობესების იმედს თანდათან კარგავენ და ოპოზიციის ლიდერის სასიცოცხლო რისკებზე საუბრობენ.
ნავალნის მოკავშირეები და დასავლეთი მისთვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენას ითხოვენ. რუსეთის ციხის ექიმებს კრემლის ცნობილი კრიტიკოსის თანამებრძოლები არ ენდობიან.
მზარდი ზეწოლის შემდეგ, რუსეთის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ნავალნის ციხის საავადმყოფოში დააწვენენ. აღნიშნულ განცხადებას ფედერალური პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთი ფილიალი ავრცელებს, რომელიც ამბობს, რომ ნავალნის ვლადიმირის რაიონში მდებარე მე-3 კოლონიის კლინიკაში მოათავსებენ. თუმცა, პატიმრის იქ გადაყვანის ზუსტი დრო არ ცხადდება.
ლიუბოვ სობოლმა დღეს რადიოს "ეხო მოსკვი" (მოსკოვის ექო) უთხრა, რომ დღის განმავლობაში ელოდებიან ციხიდან ინფორმაციას რუსეთის ოპოზიციის ლიდერის ჯანმრთელობის თაობაზე. თუმცა, მისი პირადი ექიმების მიერ გამოქვეყნებული სისხლის ანალიზის შედეგების მიხედვით, მას შესაძლოა ძალიან მალე გულმა, ან თირკმელმა უმტყუნოს.
პირადი ექიმების დასკვნას ნავალნის ექიმი ანასტასია ვასილიევა და კიდევ 3 ექიმი აწერს ხელს. ვასილიევას თქმით, გულის პრობლემები ნავალნის უკვე "ყოველ წუთს შეიძლება დაეწყოს". ექიმი ალექსანდრე პოლუპანი კი ამბობს, რომ "მკურნალობა თუ არ ჩაუტარდა, ის რამდენიმე დღეში მოკვდება".
რუსეთის ოპოზიცია ამ ყველაფერთან დაკავშირებით ოთხშაბათს, კრემლის მიმდებარე ტერიტორიაზე, საპროტესტო აქციას გეგმავს. დემონსტრაციის შესახებ ნავალნის უფროსმა სტრატეგმა ლეონიდ ვოლკოვმა "იუ-ტუბზე" გამოქვეყნებულ ვიდეოში გამოაცხადა. მისი თქმით, დრო აღარ ითმენს, "ისინი ალექსეი ნავალნის კლავენ - საშინელი გზით, პირდაპირ ჩვენს თვალწინ".
ოთხშაბათსვეა დანიშნული ვლადიმირ პუტინის მიმართვა ერისადმი. რუსეთის პრეზიდენტი გასული წლის საქმიანობას შეაჯამებს და მთავრობის სამომავლო გეგმებზე ისაუბრებს.
ასევე ნახეთ: ალექსეი ნავალნის მხარდამჭერების სასამართლო დევნა გრძელდება44 წლის ალექსეი ნავალნი შიმშილობას ციხეში უკვე მესამე კვირაა აგრძელებს. ის მოსკოვიდან დაახლოებით 100 კილომეტრში მდებარე ციხეში იმყოფება და 2.5-წლიან სასჯელს იხდის. პარასკევს, ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ციხის ადმინისტრაცია ნავალნის იძულებით გამოკვებას ცდილობდა. ოპოზიციონერს ხან ჯიბეში უჩუმრად კანფეტები ჩაუდეს, ხან კი საკანში შემწვარი ქათამი შეუცურეს.
ბოლო კვირებია ნავალნი ზურგის არეში გაჩენილ ტკივილებზე საუბრობს. ამას გარდა, რუსეთის ოპოზიციის ლიდერმა ადვოკატებს უთხრა, რომ პერიოდულად ფეხებში და ხელებში მგრძნობელობას კარგავს, აქვს ძლიერი ხველა და სისუსტე.