„ვაქცინის შემუშავების პროცესში უსაფრთხოების მიმართულებით არანაირი კომპრომისი არ ყოფილა“ , - ამბობს ფრენსის კოლინსი, ამერიკის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის (NIH) დირექტორი. ინსტიტუტი აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციასთან (FDA) ერთად, ამერიკის ჯანდაცვის დეპარტამენტის ნაწილია და ჯანდაცვის კუთხით, ამერიკასა და მსოფლიოში ბიოსამედიცინო კვლევებს უჭერს მხარს.
კოლინსი „ამერიკის ხმის“ კონტრიბუტორს, გრეტა ვან სუსტერენს ვაქცინის შემუშავების პროცესზე ესაუბრა და განმარტა, რომ მისი დაჩქარებული ტემპით შექმნა, ხელისუფლებისა და კვლევითი სფეროს უპრეცედენტოდ კოორდინირებული მუშაობის შედეგია და არა იმის, რომ ეს ყველაფერი ვაქცინის უსაფრთხოების დასამტკიცებლად საჭირო ეტაპებისა და პროცედურების უგულვებელყოფით ან ზედაპირული კვლევით მოხდა.
ასევე ნახეთ: ბრიტანეთი პირველია, ვინც ფაიზერისა და ბიონტექის კორონავირუსის ვაქცინა დაამტკიცა
„როგორც წესი, ახალი პათოგენის წინააღმდეგ ვაქცინის შემუშავებას 8-10 წელი სჭირდება. ეს კი წელიწადზე ნაკლებ დროში მოხდა. გასაოცარია, რაც გაკეთდა. ამერიკის ხელისუფლებამ ყველა რესურსის მობილიზება მოახდინა იმისთვის, რომ კოორდინირება ყოფილიყო.
ამ კოორდინირებული ძალისხმევით მოხერხდა ზოგიერთი იმ შემაყოვნებელი ფაქტორისგან გათავისუფლება, რომლებიც პროცესს ერთი ფაზიდან მეორე ფაზაში გადასვლის პერიოდში აყოვნებდა. ზოგჯერ ამას თვეები სჭორდებოდა. ახლა ეს ყველაფერი უპრეცედენტოდ სინქრონიზებულად ხდებოდა, მაგრამ არა საერთოდ რაიმის უგულვებელყოფის ხარჯზე.
ეს შეიძლება იყოს ზოგადად, ყველაზე მეტად შემოწმებული ვაქცინა უსაფრთხოებისა და ეფექტურობის თვალსაზრისით. 90%-ზე მეტი ეფექტურობა არის იმაზე უკეთესი, ვიდრე ჩვენი უმეტესობა გაბედავდა კიდეც, რომ იმედი ჰქონოდა. უსაფრთხოების მაჩვენებლებიც უკიდურესად დადებითად გამოიყურება", - განმარტავს ამერიკის "ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის" დირექტორი.
ასევე ნახეთ: ჯანმო ელექტრონული ვაქცინაციის სერტიფიკატების გაცემაზე ფიქრობსფრენსის კოლინსი ამბობს, რომ ამერიკის ოფიციალური პირების, ჯანდაცვის სპეციალისტებისა თუ პროცესში ჩართული ყველა მხარისთვის ეს გამოცდილება უკიდურესად მნიშვნელოვანი იქნება მომავალში სხვა პანდემიის თუ დაავადების წინააღმდეგ საბრძოლველად.
"ჩვენ ძალიან ბევრი რამ ვისწავლეთ და ყველაფრის დოკუმენტირება მოვახდინეთ ამ გზაზე. მათ შორის იმისაც - რაც უფრო ეფექტურად შეიძლება გაკეთდეს. ჩვენი მიღწევა, რომ ვაქცინა ერთ წელზე ნაკლებ დროში მზადაა ადამიანებისთვის გამოსაყენებლად, ნამდვილად გახდება მომავალში ნორმა და შესაძლოა ამის უფრო ნაკლებ დროში გაკეთებაც მოვახერხოთ. თუმცა, ეს უკვე ძალიან ძნელი იქნება, რადგან საჭირო კვლევებისა და გამოცდის გარეშე ეს ვერ მოხდება. მაგრამ იმედი მაქვს, რომ ამ პოზიციას თვითკმაყოფილება არ დაგვაკარგვინებს", - აცხადებს კოლინსი.
მისი აზრით, მსოფლიო ახალი პანდემიისთვის ყოველთვის მზად უნდა იყოს, იქნება ეს 5 თუ 10 წლის შემდეგ, ახალი კორონავირუსი თუ სხვა ვირუსი. მისი აზრით, ამ წლის განმავლობაში განხორციელებული პროცესები და გამოცდილება მეცნიერებსა და მთავრობებს მომავალში მნიშვნელოვან სამსახურს გაუწევს.
ასევე ნახეთ: 2 ვაქცინა მომდევნო კვირებში უკვე ხელმისაწვდომი იქნება - აშშ