უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამშაბათს, 27 აგვისტოს, ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. პრეზიდენტი ამბობს, რომ ომი რუსეთთან საბოლოოდ დიალოგით დასრულდება, მაგრამ კიევს ამ დროისთვის მყარი პოზიციები უნდა ჰქონდეს.
"ვერ იქნება კომპრომისები პუტინთან, დიალოგი დღეს არსებითაც ცარიელი და უაზროა, რადგან მას არ სურს ომის დიპლომატიური გზით დასრულება, მას ეს არ სურს, ის თავს იკატუნებს, რომ მზადაა დიპლომატიისთვის, მაგრამ იმ პირობით, თუ მას ჩვენი მიწის 30%-ს მივცემთ", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკი ამბობს, რომ აპირებს ომის დასრულების გეგმა პრეზიდენტ ბაიდენს და პრეზიდენტობის ორ კანდიდატს გააცნოს.
"სამართლიანი იქნება ეს გეგმა ამერიკის პრეზიდენტს წარვუდგინოთ, რადგან ამ გეგმის წარმატება მასზე იქნება დამოკიდებული - მივიღებთ თუ არა ჩვენ იმას, რაც ამ გეგმაშია, გვექნება თუ არა თავისუფლება იმის გამოსაყენებლად, რაც ამ გეგმაშია გაწერილი. რადგან ცხოვრებაში, როგორც წესი, ბევრი რამ გვიანდება. ამ გეგმას სექტემბერში მასთან შეხვედრისას წარვუდგენ, ვფიქრობ, მართებული იქნება, რომ ეს გეგმა გავაცნოთ კამალა ჰარისსა და დონალდ ტრამპსაც", - თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის ჯარის შეჭრა კურსკის რეგიონში, ამ გეგმის ნაწილია, და ეს გეგმა სხვა - ეკონომიკური და დიპლომატიური ნაწილებისგანაც შედგება.
"ჩვენი გეგმის ერთი ნაწილი უკვე ხორციელდება კურსკის რეგიონში. მეორე ნაწილი უკრაინის სტრატეგიული ადგილია მსოფლიოს უსაფრთხოების ინფრასტრუქტურაში. მესამე ნაწილი წნეხის პაკეტია, ძლიერი პაკეტი, რათა რუსეთი იძულებული იყოს ომი დიპლომატიური გზით დაასრულოს, მეოთხე კი - ეკონომიკაა", - განმარტავს პრეზიდენტი.
Your browser doesn’t support HTML5
ზელენსკის არ უსაუბრია მის მომდევნო ნაბიჯებზე, მაგრამ თქვა, რომ სურს გეგმა დემოკრატ კანდიდატ კამალა ჰარისთანაც განიხილოს და შესაძლოა, ყოფილ რესპუბლიკელ პრეზიდენტ და ამჟამად საპრეზიდენტო კანდიდატ დონალდ ტრამპთანაც. ზელენსკი იმედოვნებს, რომ სექტემბერში გაეროს გენერალურ ადსამბლეას დაესწრება და რომ ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსაც შეხვდება.
მისი განცხადებები ასევე მიანიშნებდა, რომ ხედავს დიპლომატიური ძალისხმევის წინსვლის პოტენციალს, მშვიდობის მეორე სამიტის ფარგლებშიც, სადაც კიევს რუსეთის წარმომადგენლების ჩართვაც სურს. პირველი სამიტი ივნისში, შვეიცარიაში გაიმართა.
ასევე ნახეთ: ზელენკი საზღვრისპირა ფრონტის ხაზს ეწვიავოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე დასძინა, რომ კიევი უფრო და უფრო მეტი წარმატებით აწარმოებს იარაღს ქვეყნის შიგნით და მან პირველი, შიდა წარმოების ფრთოსანი რაკეტა უკვე გამოსცადა.
კიევის ფორუმს, რომელშიც ზელენსკისთან ერთად, უკრაინის მთავრობის სხვა წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ, ტელეხიდით ჩაერთო შეიარაღებული ძალების მეთაური ოლექსანდრ სირსკი, რომელმაც ერთი მხრივ კურსკის ფრონტზე წინსვლაზე, მეორე მხრივ კი - პოკროვსკის რეგიონში შექმნილ, რთულ ვითარებაზე ისაუბრა.
„პოკროვსკის ფრონტზე ვითარება საკმაოდ რთულია. გასული კვირის განმავლობაში, დღეში საშუალოდ 50 ბრძოლა ხდებოდა. მტერი ცოცხალ ძალაში, შეიარაღებაში და აღჭურვილობაში თავის უპირატესობას იყენებს. ის არტილერიას და ავიაციას აქტიურად იყენებს", - თქვა სირსკიმ და განმარტა, შინ რთული მდგომარეობის მიუხედავად, კურსკში უკრაინელთა წინსვლა გრძელდება და ახლა უკრაინის ჯარი იქ 100-მდე დასახლებას აკონტროლებს.
„დღეისთვის, წინსვლას ვაგრძელებთ და რუსულ სამხედრო ძალებს ხელშესახებ ზარალს ვაყენებთ, როგორც ცოცხალი ძალის, ასევე - აღჭურვილობის მხრივ. ამ დროისთვის 1,294 კვადრატულ კილომეტრზე კონტროლი მოვიპოვეთ, რომელშიც 100 დასახლებული პუნქტი შედის. ამასთან, ჩვენი ჯარის წარმატებული მოქმედებით, მნიშვნელოვნად გავზარდეთ გასაცვლელი ტყვეების რიცხვი. ამ ფრონტზე (კურსკის რეგიონში) 594 რუსი სამხედრო ტყვე ავიყვანეთ“. უკრაინელმა გენერალმა ტყვედ აყვანილი რუსი სამხედროების რიცხვი პირველად დაასახელა.